ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი: ხორვატია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს
ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებს. ამ სულისკვეთებით მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ხორვატია სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მის ძალისხმევაში, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი – ეს განცხადება ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა გორდან გრლიჩ რადმანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ილია დარჩიაშვილმა და გორდან გრლიჩ რადმანმა მონაწილეობა მიიღეს პულაში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის საზეიმო ცერემონიაში. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნა, წარმოადგენს შესაძლებლობას გაძლიერდეს ურთიერთობები კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის, ხალხთაშორისი კავშირების კუთხით.
შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და აღნიშნეს, რომ გასულ წელს ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნა, ქართულ-ხორვატიული ურთიერთობების გაღრმავებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო.
აღინიშნა საქართველოსა და ხორვატიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე და ხაზი გაესვა თანამშრომლობის გააქტიურების დადებით დინამიკას სხვადასხვა სფეროში.
ილია დარჩიაშვილმა ხორვატ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მტკიცე მხარდამჭერისთვის და აღნიშნა, რომ ხორვატია არის სანდრო პარტნიორი და მეგობარი და იმედი გამოთქვა, რომ ეს მხარდაჭერა გაძლიერდება, განსაკუთრებით ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროპასა და ევროკავშირშია.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.