დმიტრო კულება: ევროპის დაცვა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი, ევროპელების საქმეა
ვაშინგტონი დათანხმდა უკრაინას კიდევ მილიარდობით დოლარის დახმარება გაუგზავნოს, თუმცა კიევის გზავნილი ევროპისთვის ნათელია: თქვენ ეს პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებთ, – წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.
„ჩვენ მივესალმებით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ ევროპაში არ შეგვიძლია და არ უნდა მოვდუნდეთ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
„ევროპის დაცვა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი, ევროპელების საქმეა“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაარწმუნა უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს აშშ-ის სამხედრო დახმარების კანონს.
„მე მქონდა სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან [ჯო ბაიდენთან], წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შედეგების შემდეგ. პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ სენატის მიერ [კანონის] დამტკიცების შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს კანონს. მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის უკრაინის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.