შალვა პაპუაშვილი: ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებების საკითხზე საზოგადოების მხრიდან არის დიდი მხარდაჭერა
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებების საკითხზე საზოგადოების მხრიდან არის დიდი მხარდაჭერა.
„მნიშვნელოვანია, რომ ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები დეტალურად იყოს განხილული ჩვენს მოსახლეობასთან, რათა მათი მოსაზრებებიც გავიგოთ და მივიტანოთ პარლამენტამდე და პარლამენტმა ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.
რასაც ვხედავთ ამ ცვლილებების ინიცირების შემდეგ, არის დიდი მხარდაჭერა ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ამ ცვლილების საჭიროება. ეს არის გზავნილი მთლიანად პარლამენტისთვის, იქნება ეს უმრავლესობა თუ ოპოზიცია. იმედი მაქვს, რომ პარლამენტის ყველა წევრი მოიქცევა იმ დაკვეთის და ხმის შესაბამისად, რომელიც მოდის ჩვენი მოსახლეობისგან.
ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ამ კანონპროექტს. კანონპროექტით გათვალისწინებულია ისეთი საკითხები, რომელიც ეხება ქორწინებას, შვილად აყვანას, სასწავლო პროგრამებს. სხვათა შორის, მსგავსი კანონმდებლობა სხვადასხვა ქვეყანაში მიიღება. მხოლოდ შარშან აშშ-ში, სხვადასხვა შტატში 72 კანონი იყო მიღებული, რომელიც ეხებოდა განსაკუთრებით საგანმანათლებლო პროცესში ლგბტ პროპაგანდისგან დაცვას. ასე რომ, ეს გამოცდილება კანონშემოქმედების მხრივ არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. საორგანიზაციო კომისია ამჯერად ამბროლაურს ეწვევა. განხილვისას დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება კომისიის წევრებს ყველა ის შეკითხვა დაუსვას, რომელიც საკითხის ირგვლივ აინტერესებთ. მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ყველა დიდ ქალაქში გაიმართება. კომისია გუშინ ქუთაისში იმყოფებოდა.