შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია გადაიკითხოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით
„ნებისმიერი ამბავი, როდესაც აისახება ანგარიშში, ეს ხდება მათ შორის, ანგარიშის შემდგენის პასუხისმგებლობა და როდესაც ასეთი ცრუ ინფორმაცია იჩენს თავს დეპარტამენტის ანგარიშში, ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა და ჩრდილს აყენებს თავად ანგარიშს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს ჰკითხეს რასთან გვაქვს საქმე, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნიკა გვარამია პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ მის საქმეში გადაცდომა ვერ დაინახა.
„ერთი სპეციფიკა [აშშ-ის სახელმწიფო] დეპარტამენტის ანგარიშს აქვს, ყველგან მითითებულია „როგორც ამბობენ“. „ამბობენები“ არიან ის „ენჯეოები“, რომლებიც მერე ფინანსდებიან ხოლმე ამერიკული, ან ევროპული წყაროდან. ვხედავთ დეზინფორმაციას ავრცელებენ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ანგარიშის რომელიმე ფურცელზე ეს [პოლიტპატიმარი ნიკა გვარამია] წინადადებები ამოვიკითხოთ. რაც შეეხება ამ „ამბობენს“ და ჭორ-მართალს, პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ. ასე რომ, სახელმწიფო დეპარტამენტს შეუძლია გადაიკითხოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან [ნიკა გვარამიას საქმესთან] დაკავშირებით. დეპარტამენტის ანგარიშში მითითებულია, რომ ის ეფუძნება მონათხრობებს, თავად მტკიცებით ფორმაში არ ამბობს. ნებისმიერი ამბავი, როდესაც აისახება ანგარიშში, ეს ხდება მათ შორის, ანგარიშის შემდგენის პასუხისმგებლობა და როდესაც ასეთი ცრუ ინფორმაცია იჩენს თავს დეპარტამენტის ანგარიშში, ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა და ჩრდილს აყენებს თავად ანგარიშს. კეზერაშვილი რომ რომელიმე ანგარიშში პოზიტიურ ჭრილში იქნება წარმოჩენილი, ეს იმ ანგარიშის პრობლემაა რა თქმა უნდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც პოლიტპატიმრებზე ან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებზე საუბრისას მაგალითად მოყვანილია ნიკა გვარამია, რომელიც 2022 წლის მაისიდან პრეზიდენტის მიერ შეწყალებამდე, 2023 წლის 22 ივნისამდე, ციხეში იმყოფებოდა. ის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გაასამართლეს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულად იყო შეფასებული სახალხო დამცველის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.