„საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რომ ამ ხალხმა ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაიგდოს ხელში, ზუსტად იგივე ტერორს გააგრძელებს, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. უგულავამ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული შეკრების შესახებ განაცხადა – „ვნახოთ როგორ მიატოვებენ უსინდისო მასწავლებლები ბაღებსა და სკოლებში მოსწავლეებს“.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე.
„ეს არის ზიზღის კამპანია, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში ეწევიან და გუშინ ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა. გვახსოვს, რას აკეთებდნენ ისინი, როცა ხელისუფლებაში იყვნენ – ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას. ახლა ოპოზიციიდან, „ფეისბუკიდან“ და კლავიატურებიდან პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ არ გამოთქვან თავისი აზრი. ამ ჯგუფების უკან დგას უცხოური დაფინანსება, როცა ვსაუბრობთ NGO-ებზე და ზოგიერთ პარტიაზე. ეს არის ჩვეულებრივი ზიზღის, დაშინების კამპანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში საზოგადოების ტერორს გააგრძელებს.
„საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რომ ამ ხალხმა ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაიგდოს ხელში, ზუსტად იგივე ტერორს გააგრძელებს, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება. ამიტომ მნიშვნელოვანია, 29 აპრილს ყველა – დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე, რომ ამ ზიზღის კამპანიას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ქართული ღირსებითა და ღირებულებებით ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.