„გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი, აქაც იგივეა – აქ ენჯეო დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, ამიტომ არის აუცილებელი გამჭვირვალობა. როგორც კი გამჭვირვალე იქნება ყველაფერი, მერე გაუჭირდება ენჯეოსაც სახელმწიფო დეპარტამენტის მოტყუება და სახელმწიფო დეპარტამენტსაც ანგარიშში ენჯეოს მიერ მიწოდებული ტყუილის ჩაწერა, იმიტომ, რომ ჩაკეტილი წრეა, ამ გაუმჭვირვალობის პირობებში, გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში“, – განაცხადა პრემიერმა.