დიმიტრი ხუნდაძე: შავი ფული არის იმ პოლიტიკის რეალიზების საშუალება, რაც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმეს
„დღეს ლგბტ პროპაგანდას იყენებენ იარაღად, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობა აქციონ უმრავლესობად“, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი ბინძური პოლიტიკა შავი ფულით ფინანსდება.
„შავი ფული არის იმ პოლიტიკის რეალიზების საშუალება, რაც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმეს, დაწყებული მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანით, გაგრძელებული არჩევნების შედეგების ISFED-ის ხელით გაყალბებით, ასევე შარლ მიშელის ცნობილ დოკუმენტში ჩაწერილი 43%-ანი ბარიერით. ეს ბარიერი აბსოლუტურად გაუგებარი იყო და დოკუმენტში ჩაიწერა ვადამდელი არჩევნების ლეგიტიმაციის რეალიზების იმედით, რადგან ფიქრობდნენ, რომ მმართველი გუნდი ამ ბარიერს ვერ გადალახავდა. სწორედ, ამ ბინძური პოლიტიკის უზრუნველყოფა ხდება შავი ფულით.
დღეს ლგბტ პროპაგანდას იყენებენ იარაღად, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობა აქციონ უმრავლესობად. ანუ ცდილობენ პროპაგანდით ხელი შეუწყონ მათი რიცხოვნობის გაზრდას. ეს კი ნიშნავს ქართული იდენტობის, ტრადიციების და ღირსების წინააღმდეგ ბრძოლას“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.