თამარ ჩიბურდანიძე: ნიკა გვარამია თავად არის შიდა ნაციონალური ეროზიის შედეგი და ლპობადი პოლიტიკით გამარჯვებას ვერ მიაღწევს
„რაც შეეხება პოლიტიკურად ახლად წამოჩიტულ გვარამიას, ის თავად არის შიდა ნაციონალური ეროზიის შედეგი“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას ვიზიტს ევროპარლამენტში და მის მოწოდებებს ევროპარლამენტარებისადმი, მიიღონ ზომები საქართველოს მმართველი გუნდის წინააღმდეგ.
ჩიბურდანიძის თქმით, ეს ის გვარამიაა, რომელიც არა მხოლოდ ქართულმა სასამართლომ ცნო დამნაშავედ, არამედ მის წინააღმდეგ გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც მიიღო, ევროპარლამენტარებმა კი პოლიტპატიმრად შერაცხეს.
„ნიკა გვარამიამ, როგორც ჩანს, არ იცის, რომ ისტორიაში ერთი და იგივე პროცესი ერთნაირი წარმატებით იშვიათად მეორდება, მითუმეტეს, ერთი და იმავე აქტორების მიერ. ამერიკამ ახალი სტილის პოლიტიკურ ბრძოლას დაუდო სათავე – სანქციებს, რომელმაც გაანადგურა ევროპა, მაგრამ გაამდიდრა ამერიკა. გუშინ, სწორედ ამ „სანქციების პოლიტიკისგან“ განადგურებული ევროპის „ელიტა“ ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი ხელისუფლების დასანქცირებაზე მსჯელობდა.
ღიმილის მომგვრელი იყო ეს ყველაფერი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თურმე ეს „ბრძნული“ იდეა ნიკა გვარამიას მიუწოდებია საქართველოდან. ეს ის გვარამიაა, ქურდობაზე რომ საქართველოსთან ერთად სტრასბურგმაც დამნაშავედ ცნო, ხოლო ევროპარლამენტარებმა დემოკრატიისთვის მებრძოლ პოლიტპატიმრად შერაცხეს. ასეთი „სამართლიანი“ და „ობიექტურია“ დღეს ევროპის ზოგიერთი დეპუტატი, ნაცების სულიერი მეგობრები და თანამზრახველნი.
რაც შეეხება პოლიტიკურად ახლად წამოჩიტულ გვარამიას, ის თავად არის შიდა ნაციონალური ეროზიის შედეგი. ხომ არ დაავიწყდა ძველების „ახალს“, რომ ნაცების ეროზია იმდენად ღრმა არის, მკურნალობას აღარ ექვემდებარება და წყლულებიც ცალ-ცალკე სკდება. მათი ლპობადი პოლიტიკით კი გამარჯვება მიუღწევადია. რამდენი ახალგაზრდაც არ უნდა მოისყიდოს ან მოატყუოს გვარამიამ, ჭაობში კალმახი ვერ იცურებს, ჭაობში მხოლოდ ბაყაყები ყიყინებენ. ამ პოლიტიკურ ჭაობშია დღეს ქართული ოპოზიციაც და მათი მხარდამჭერი ევროპელი პარლამენტარებიც“, – წერს ჩიბურდანიძე.