კახა კალაძე: საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფულადი ჯილდო გადაეცეს, მნიშვნელოვანია.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჯილდო 30 მილიონი ლარი იქნება, რაც მთელი ნაკრებისთვის უდიდესი მოტივაციაა.
„მინდა, გამოვეხმაურო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთ, ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლის შემთხვევაში, 30-მილიონიანი ჯილდოს გადაცემის, ხოლო ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვისთვის, დამატებით 30 მილიონით დაჯილდოების შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ჩვენი ეროვნული ნაკრების სრული შემადგენლობისთვის, სტიმულია მომავალი ფეხბურთელებისთვისაც. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ნიჭი და შრომა, საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე სათანადოდ დაუფასდებათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს, ასევე, ფეხბურთის ფედერაციას, მთლიანად ეროვნულ ნაკრებს და გულშემატკივარს.
„მადლიერების გამოხატვა და დაფასება მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩვენს ფეხბურთელებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც გულშემატკივარს მიანიჭეს. მადლობა ჩვენს ქომაგებს მხურვალე მხარდაჭერისთვის, რაც მთელი თამაშის განმავლობაში გრძელდებოდა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რადგან სწორი მენეჯმენტით დადგა შედეგი, რასაც გულშემატკივარი ამდენი წელი ელოდებოდა. ჩემი მხრივ, ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ზოგადად, იმ წვლილისთვის, რაც საქართველოს განვითარებაში აქვს შეტანილი ძალიან ბევრი მიმართულებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.