შალვა პაპუაშვილი: მამუკა მდინარაძის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და შინაარსობრივად დამახინჯებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სუროგაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და შინაარსობრივად დამახინჯებული. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჩვენ, სინამდვილეში, რასაც ვაკვირდებით და ამ მხრივ მედიის დაფარვასაც ვაკვირდებით, არის რამდენიმე მედია ჯგუფი, რომელიც ზუსტად დაინტერესებულია ლგბტ პროპაგანდით. ამიტომ ჩასაფრებულია ამ დისკუსიებში და ცდილობს კონტექსტიდან ამოგლეჯილად სიტყვები ერთმანეთს მიაწებოს იმისთვის, რომ შეებრძოლოს ამ კანონპროექტს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესშია. ჩვეულებრივი ლგბტ პროპაგანდის მეთოდებია გამოყენებული.
სინამდვილეში, საკითხი იყო აბსოლუტურად სხვა, კითხვა შეეხებოდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ წახალისებას. დარბაზიდან იყო კითხვა ამასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ოჯახებში უზრუნველყოს, ერთი მხრივ, წაახალისოს მრავალშვილიანობა, მათ შორის, უშვილობის შემთხვევაში შესაბამისად დახმარება. ამ კონტექსტში იყო განხილული საკითხები. როგორც იცით დაინიცირებულია კანონპროექტი სუროგაციასთან დაკავშირებით და სუროგაციის კანონპროექტის ფარგლებში, ამ კონტექსტში იყო საუბარი, რომელიც აბსოლუტურად ამოგლეჯილია და რაც მთავარია, თემაც არ არის.
კონტექსტი იყო აბსოლუტურად სხვა, წინადადება იყო სხვანაირად ფორმულირებული, კითხვა იყო სხვა, პასუხი იყო სხვა და შინაარსობრივად იყო დამახინჯებული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.