მამუკა მდინარაძე: ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე, განსაზღვროს ბექა ოდიშარიას თუ სხვა დეპუტატების მოქმედება, რომ მათ ვერ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ლატვიის საელჩოს მიერ დეპუტატ ბექა ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევის ფაქტს ჟურნალისტებთან აფასებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ეს ხომ არ ნიშნავს კიდევ ერთ გზავნილს იმისა, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით საქართველო სცილდება ევროპას, მდინარაძემ უპასუხა, რომ „არანაირი დაშორება ევროპასთან, პირიქით, ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის ღონისძიება ქართველ დეპუტატზე“.
„ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ ამით მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე და საქართველოს შიდა საქმეებში აშკარა მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ განსაზღვროს ბექა ოდიშარიას თუ სხვა დეპუტატების მოქმედება, რომ მათ ვერ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებები მიიღონ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.