5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ

ბოლო 5 თვეში პირველად, NASA-ს ზონდმა Voyager 1 საკუთარი სისტემების მდგომარეობის შესახებ დედამიწაზე მონაცემები გამოგზავნა. მისგან სიგნალი 20 აპრილს მივიღეთ. მართალია, ის სამეცნიერო ღირებულების ინფორმაციას ვეღარ გვიზიარებს, მაგრამ ინჟინრებს საჭირო ცნობებს აწვდის.

აპარატი კოსმოსში 1977 წელს გაუშვეს, 35 წლის შემდეგ კი ადამიანის მიერ შექმნილი პირველი ობიექტი გახდა, რომელმაც მზის სისტემა დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეში გააღწია. აქედან 6 წელში მას Voyager 2-იც მიჰყვა, რომელიც ჯერ კიდევ სათანადოდ ფუნქციონირებს და ჩვენთან კონტაქტზეა.

2023 წლის 14 ნოემბერს, პლანეტისგან 24 მილიარდი კილომეტრის მოშორებით არსებულ ვარსკვლავთშორის სივრცეში 11 წლის გატარების შემდეგ, Voyager 1-თან კომუნიკაცია შეფერხდა. კერძოდ, მის მიერ გამოგზავნილი ორობითი კოდი (0-ები და 1-ები) გამოსადეგ ინფორმაციას ვეღარ გვაწვდიდა.

მარტში NASA-ს გუნდმა ზონდის ფრენის მონაცემთა ქვესისტემას (FDS) ბრძანება გაუგზავნა, რათა მთლიანი მეხსიერების მაჩვენებლები მიეღოთ. ამან გამოავლინა, რომ კოდის პრობლემა ერთ ჩიპში იყო, რომელიც FDS-ის მეხსიერების 3%-ს შეადგენს.

მისი ფიზიკურად ჩანაცვლება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ამიტომ სპეციალისტებმა კოდი დაანაწევრეს და სხვადასხვა ადგილას შეინახეს. ეს ისე უნდა მოეხერხებინათ, რომ მეხსიერების ამა თუ იმ სექციაში კოდის დამატებას მათი ინდივიდუალური და ერთობლივი ფუნქციონირება არ შეეზღუდა.

დანაწევრებული კოდის გადაადგილება გუნდმა 18 აპრილს დაიწყო. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესი იყო, რადგან იქამდე სიგნალის მიღწევას 22.5 საათი სჭირდება, ზუსტად იმდენივე კი მონაცემების დედამიწამდე მოღწევას. ამის მიუხედავად, 20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამ ცვლილებამ გაამართლა.

მომდევნო კვირებში სპეციალისტები იმ სისტემების ხარვეზის მოგვარებასაც ეცდებიან, რომლებიც სამეცნიერო ინფორმაციის გამოგზავნაზეა პასუხისმგებელი.

წყარო: Space.com

ასევე იხილეთ