ფრიდონ ინჯია: როდესაც რამე მისაღები და საჭიროა ჩემი ქვეყნისთვის, მავიწყდება ჩემი ოპოზიციონერობა. მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო ცვლილებებს
„იმ შემოტევებიდან გამომდინარე, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს, ნამდვილად დროულია საკანონმდებლო ცვლილებები. მე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ, როდესაც რამე მისაღები და საჭიროა ჩემი ქვეყნისთვის, მაშინ მავიწყდება ჩემი ოპოზიციონერობა. მე მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამართულ საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ოზურგეთში.
ფრიდონ ინჯიას თქმით, კანონპროექტში „ოჯახური ღირებულებები“ შესაძლებელია შეიცვალოს ტერმინით „ქართული ღირებულებები“.
„მე შევცვლიდი და „ოჯახური ღირებულებების“ ნაცვლად ჩავწერდი „ქართულ ღირებულებებს“. ქართულ ღირებულებებში შედის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, სარწმუნოება, ენა და მათ შორის ოჯახიც. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგანი „ქართული ღირებულებები“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.