საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დღეს ოზურგეთში განიხილეს

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს ოზურგეთში განიხილა.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე, საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებზე იმსჯელა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,  საკონსტიტუციო ცვლილებებში მოცემულია საზოგადოების თანაცხოვრების წესის, სოციალური მშვიდობისა და საზოგადოებრივ-კულტურული ღირებულებების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია მოვისმინოთ თქვენი დამოკიდებულება, იდეები და შენიშვნები ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და ასევე, თქვენი მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ“, – მიმართა  შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ნებისმიერი მიმართულებით განსხვავებული ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ ამასთანავე, მომავალი თაობები არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისგან უნდა დავიცვათ.

„დარწმუნებული ვარ, გავა საუკუნეები  და ქართველებს ექნებათ სწორედ ისეთი ხედვა, რაც ამ პროექტის პათოსშია. ჩვენ, ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ დიახ,  ყველა ადამიანის უფლება  უნდა იყოს დაცული. უნდა დავაფიქსიროთ, რომ ნებისმიერი სახის ცხოვრების წესის მიუხედავად, ყველა ადამიანის უფლება ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. ჩვენ წლების წინ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, კონსტიტუციით მიღებული გვაქვს ბევრი გარანტია და, ცხადია, ადამიანის უფლებები ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. მეორე – არატრადიციული ცხოვრების წესის თავსმოხვევა, პროპაგანდა უნდა გამოვრიცხოთ და ჩვენი მომავალი თაობები დავიცვათ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მავნე ზემოქმედებისგან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ასევე ისაუბრეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა: დავით მათიკაშვილმა, თენგიზ შარმანაშვილმა, სოზარ სუბარმა, ფრიდინ ინჯიამ და შალვა კერესელიძემ.

კონსტიტუციურ კანონის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და ოჯახურ ღირებულებებს უკავშირდება.

უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტების რეგიონებში განხილვა 22 აპრილს დაიწყო. მიმდინარე კვირის განმავლობაში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა ასევე გაიმართება:  ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში.

 

ასევე იხილეთ