მიხეილ ყაველაშვილი: რადგან ამ ბავშვებს პოლიტიკურ პროცესში უნდათ მონაწილეობა, უნდა იცოდნენ, რომ მათი თანატოლები ჩახოცეს, იძულებულები ვართ, შევახსენოთ საზოგადოებას და ვანახოთ ამ ბავშვებს, ვინ იყო ეს რეჟიმი
„ამ ბავშვებზეა გათვლა, რომ ეს ადამიანები [რადიკალური ოპოზიცია] თითქოს შეიცვალნენ, დასავლეთს ეს ადამიანები წარმოადგენენ, იძულებულები ვართ რომ შევახსენოთ საზოგადოებასაც და ვანახოთ ამ ბავშვებს, ვინ იყო ეს რეჟიმი და რას წარმოადგენდნენ”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, მიხეილ ყაველაშვილმა გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე და ამ აქციაში მოზარდების ჩართულობის საკითხზე საუბრისას გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, იმ ბავშვებმა, რომლებიც დღეს აქციაზე დგანან, უნდა იცოდნენ რას წარმოადგენდა წინა ხელისუფლება.
„ჩემთვის ამაზრზენიც არის, რომ ამ პროცესის დამკვეთები მიზანმიმართულად სკოლის მოსწავლეებზეც გადავიდნენ. დღეს ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში მასწავლებლები ჰყავდათ და როგორი პროპაგანდა მიმდინარეობს, თავად მასწავლებლები როგორ მოუწოდებენ თავიანთ მოსწავლეებს, რომ აქციებში მიიღონ მონაწილეობა. ლაპარაკია 13-14-15 წლის ბავშვებზე, რომ თითქოს მათ უნდა ვანდოთ პოლიტიკური პროცესი. ეს არის მიზანმიმართული გეგმა, რომ ისინი წინა ხაზზე იყვნენ, რომ რაიმე ექსცესი მოხდეს, რომელიმე დაზიანდეს – ეს არის აკერმანის მიერ შემუშავებული ინსტრუქცია, სადაც პატარა ასაკის ადამიანები უნდა ფიგურირებდნენ, რომ ემოციური ფონი შეიქმნას, ამ ადამიანებზე ძალიან მარტივია ზემოქმედება. ეს არის მზაკვრული გეგმა, მაგრამ მე ვალდებული ვარ, რომ მათ სიმართლე ვუთხრა. ისინი პატარა ასაკის არიან და მათი ზრდის პროცესი განხორციელდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს, ის პროგრესი რაც საქართველოში განვითარდა, მათ დროს განვითარდა. 3 მილიარდის ქველმოქმედება განახორციელა „ქართუმ“, რასაც კი შეიძლება ეს ბავშვები შეეხონ, ყველაფერში ამ ადამიანს და ამ ორგანიზაციას აქვს გაკეთებული ეს სიკეთე საქართველოსთვის. მე არ მახსენდება, არ ვიცი ადამიანი, რომელსაც ამდენი ქველმოქმედება, ასე უანგაროდ განეხორციელებინოს საკუთარი ქვეყნისთვის. ამ ბავშვებს აზიზღებენ ამ ადამიანს, ამ ორგანიზაციას. გვერდზე კი დგას მაგალითად შოტა უტიაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო 26 მაისი დარბევის, ხანდაზმული ადამიანები მოკლეს ცემით, მეორე დღეს აღლუმი ჩაატარა და ზოგიერთები დააჯილდოვა. შეუძლიათ გადაამოწმონ, 24 საათი სოციალურ ქსელებში არიან, არქივია და ნახონ. რადგან მათ პოლიტიკურ პროცესში უნდათ მონაწილეობა, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ მათი თანატოლები ჩახოცეს. იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ? გრიგორიადისი გამოუშვეს და თურმე შეწუხებული იყო იმით, რომ რა მუსიკასაც უნდოდა, იმას ვერ უსმენდა. პარალელურ რეჟიმში დაუდეს ბექა ჩხაიძის განცხადება, როცა გამოვიდა ციხიდან, რა ხდებოდა მაშინ ციხეებში, როგორ აწამებდნენ და ცემით კლავდნენ ადამიანებს. ვერ წაშლი იმ ადამიანების მეხსიერებას, რომლებიც ამ პროცესების მომსწრე ვართ. ამ ბავშვებზეა გათვლა, რომ ეს ადამიანები თითქოს შეიცვალნენ, დასავლეთს ეს ადამიანები წარმოადგენენ. სოფო ჯაფარიძე ხომ არ დაუწყებს გირგვლიანზე და რობაქიძეზე საუბარს ამ ბავშვებს? იძულებულები ვართ, რომ შევახსენოთ საზოგადოებასაც და ვანახოთ ამ ბავშვებს ვინ იყო ეს რეჟიმი და რას წარმოადგენდნენ, კი არ გამქრალა ეს რეჟიმი, გვერდში უდგანან. გიგი უგულავა, მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია – ეს იყო პოლიტიკური ელიტა, რომელიც ამ დანაშაულებრივ სისტემას ხელმძღვანელობდა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.