მიხეილ ყაველაშვილი: იმ ბავშვებს, აქციაზე რომ დგანან, მინდა ვკითხო: იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?
„ამ ბავშვების გვერდით, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე არიან, დგას, მაგალითად, შოთა უტიაშვილი, რომელიც 26 მაისის დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცემით მოკლეს, მეორე დღეს კი აღლუმი ჩაატარეს და ზოგიერთები დააჯილდოვეს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომელსაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა სურს, იმის შესახებაც უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს.
„ეს ფაქტები შეუძლიათ გადაამოწმონ, 24 საათი სოციალურ ქსელებში არიან, არქივია და ნახონ. რადგან პოლიტიკურ პროცესში უნდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს მათი თანატოლები, თუ არ ვცდები, 125 ადამიანი, ჩახოცეს. იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.