მიხეილ ყაველაშვილი: 29 აპრილს უნდა შევიკრიბოთ ყოველგვარი პარტიული ნიშნის და შეხედულების გარეშე. ეს საერთო-სახალხო შეკრება არის საქართველოს დაცვის აქტი
„როგორც კი მოხდება ამ ხელისუფლების შეცვლა, იმ დღესვე დაიწყება ქართულ ეკლესიაზე შეტევა – როგორც ეს უკრაინაში მოხდა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, 29 აპრილს დაანონსებულ აქციაზე ყველა უნდა გავიდეს იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა დაინახონ, თუ რა ღირებულებებს იცავს ხალხი.
„როგორც კი მოხდება ამ ხელისუფლების შეცვლა, იმ დღესვე დაიწყება ქართულ ეკლესიაზე შეტევა – როგორც ეს უკრაინაში მოხდა. იმ დღესვე დაიწყება ზეწოლა მართლმადიდებლობაზე, ჩვენს სარწმუნოებასა და პატრიარქზე – ამ ყველაფერს ეს ძალები ახორციელებენ.
29 აპრილს ყველა უნდა გავიდეთ, არა იმისთვის რომ ვიღაცას დავანახოთ „ჩვენ უფრო მეტი გვიჭერს მხარს“ და ა.შ. არამედ იმიტომ, რომ ეს ბავშვები გადავარჩინოთ – დაინახავენ, თუ სად დგას მთელი საქართველო. დაინახავენ სიყვარულს, მათი მშობლების თაობას, ბებია-ბაბუას და თანატოლებს – თუ რატომ გამოვიდა ეს ხალხი გარეთ და რას იცავს. სხვანაირად ამ ბავშვებთან დიალოგში ვერ შევალთ. გვაქვს განცდა, რომ საკუთარი სამშობლო უნდა დავიცვათ. შევიკრიბოთ ყოველგვარი პარტიული ნიშნის და შეხედულების გარეშე. 29 აპრილის საერთო-სახალხო შეკრება არის საქართველოს დაცვის აქტი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.