ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისათვის ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები ჩართული არიან ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნის, წარმატებული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში.
ტრენინგზე მონაწილეები ვაშლის, ვაზის და ატმის მავნებელ-დაავადებების იდენტიფიცირებას, მოცემული კულტურების ფენოლოგიური განვითარების ფაზებსა და კლიმატური რისკების მართვის მიდგომებს გაეცნენ. სემინარის დამსწრეებმა ინფორმაცია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის, მევენახეობის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით მიმდინარე კვლევებსა და სამეცნიერო პროექტების შესახებაც მიიღეს.
აღნიშნულ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხიდეშელი უძღვებოდნენ.