„1995 წელს კონსტიტუციაში სიტყვა „მეუღლე“ რომ ჩაიწერა, სიზმარშიც კი არ დაგვესიზმრებოდა, რომ მეუღლე ქალისა და კაცის გარდა სხვა რამ შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ 2017 წელს კონსტიტუციაში – ქალისა და კაცის ჩაწერა მოგვიწია. მაგრამ, თურმე სქესი არჩევითი ყოფილა და ახლა სიტყვა „გენეტიკის“ დამატება მოგვიწია. მართლაც, გონების მიღმაა რაღაც, რასაც ბუნებაც ვაღარ ეწევა“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს კონსტიტუციურ ცვლილებებს და ყველამ ერთად მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
„მართლაც, ეს ფასეულობები კონსტიტუციურად უნდა იყოს დაცული, რადგან სხვანაირად ჩვენ მომავალი არ გვექნება. ამიტომ დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერთ და როცა კანონმდებლობას მივიღებთ, ეს იქნება არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ ყველა ჩვენგანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.