„საქართველოს მუდმივად ჰქონდა გამოწვევები. იყო გარკვეული პრობლემები, რომლებსაც ქართველი ხალხი ადეკვატურად უმკლავდებოდა, პასუხობდა ამ გამოწვევებს და ხშირად დასმულ კითხვაზე – რამ გადაგვარჩინა, როგორ მოვედით აქამდე ამხელა ისტორიულ ქარტეხილებში, არის გარკვეულწილად პასუხიც, რომ შეგვეძლო სწორად გაგვეცა პასუხი იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც ჩვენს წინაშე იყო“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ბათუმში.
მისი თქმით, ქართველებისთვის მენტალურად მიუღებელია, როდესაც მეგობარი ქვეყნის ლიდერები საკუთარ თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ ნეიტრალური ტერმინებით მიმართონ ერთმანეთს.
„ამ გამოწვევებს ჩვენ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ და ის, რაც თუნდაც 7, 8, 10 წლის წინ იყო წარმოუდგენელი და ჩვენი მენტალობისთვის სრულიად მიუღებელ საკითხებთან მიმართებით იყო გაუგონარი, დღეს სრულიად შესაძლებელია, დღის წესრიგში დაგვიდგეს. ამიტომ, ჩვენ დღესვე უნდა შევიარაღდეთ საკონსტიტუციო წესრიგით, იმ წესრიგით, რომელიც დაიცავს ჩვენს შვილებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი შეფასებით, გამოწვევების ამ ფონზე ნამდვილად ყურადსაღებია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, როდესაც ის ამბობს, რომ კაცი -კაცია და ქალი – ქალია. ასევე მნიშვნელოვანია რომის პაპის განცხადებაც. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური სამყარო შედარებით ლოიალურია ბევრი საკითხის მიმართ.
„უდავოა, რომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველას უფლება. არავის აქვს უფლება, მეორე ადამიანის ცხოვრებაში ჩაერიოს და ჩვენ არავის ცხოვრებაში არ ვერევით. ყველას აქვს თავისი ცხოვრება, როგორი განსხვავებული ცხოვრების წესითაც არ უნდა ცხოვრობდეს და მათი უფლებები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული და არის კიდეც დაცული – ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ფუნქციონირებს საქართველოში. მეორე მხრივ, უმცირესობის უფლებები თუ არის დაცული, უმრავლესობის უფლებებიც უნდა იყოს დაცული და ამაში არც არავინ უნდა შეგვედავოს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.