„დღეს ყველაზე მეტად მას სჭირდება შველა“ – რაზე სწყდება გული გია ნიკოლაძეს?
საქართველოში როგორც სიმღერების ავტორს, ისე იცნობენ. თუმცა, 5000-მდე ლექსი აქვს დაწერილი და გული სწყდება, რომ საქართველოში როგორც სიმღერებს, მის ლექსებს ისე კარგად არ იცნობენ. ერთხელ რამდენიმე ღამეში დაწერა პოემა, რომელიც დედამიწის საიდუმლოს ამოხსნის მისეული მცდელობაა.
გია ნიკოლაძე – კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი და რეჟისორი. მისთვის ტაბუ არასოდეს არსებობდა, ამიტომაც რასაც აკეთებდა, ყოველთვის განსხვავებული და გამორჩეული იყო. მისი ცნობილი ჰიტი „ზოგი ასე უბერავს“ დღევანდელ სოხუმში ძალიან პოპულარულია და ეს ფაქტი ალბათ, ბევრისმეტყველია…
– ბატონო გია, თავიდანვე გკითხავთ, როგორ ფიქრობთ, საქართველოში შაქრის დაყრის იდეამ თუ გაამართლა?
– რა თქმა უნდა, გაამართლა, ადრე რომ დავაყარეთ შაქარი, ის მიწას ნელ-ნელა ეწვეთებოდა. სამყაროში ყველაფერი ნელა გროვდება და იმართება. მსოფლიოში ყველას ჩვენი სამშობლო გვაქვს, მაგრამ დედამიწა უკლებლივ ყველას სამშობლოა – ყველაზე ახლობელი და დიადი. დღეს ყველაზე მეტად მას სჭირდება შველა. 75 პროცენტი ეს სისტემა უკვე დავატკბეთ და როცა საბოლოოდ დატკბება, ისე, რომ მისი შედეგი გავრცელდება, გაძლიერდება ის ალიც, რომელიც არის უფ-ალი…
– ჩვენი ბოლო საუბრის დროს მითხარით – მეჩვენება, კომპლექსიანი ერი ვართ და გვეშინია, ზრდილობიანები ვიყოთო. მას შემდეგ ხომ არ შეგიცვლიათ აზრი?
– დღესაც არ შემიცვლია. ვთვლი, რომ მართლაც კომპლექსიანები ვართ. რატომღაც სუფთა ქართულით ლაპარაკს ვერიდებით. მეჩვენება, თითქოს ვიღაცამ ან რაღაცამ დაგვაშინა. მადლობის და ბოდიშის თქმა გვაფრთხობს, სიკეთის გამოხატვის გვრცხვენია. ადრე თბილისელებშიც იყვნენ ძველი ბიჭები, მაგრამ რაინდული თვისებები მათაც კი ჰქონდათ.
– თბილისზე გამოცემული წიგნებიდან ყველაზე მთავარი რომელი მიგაჩნიათ?
– მე ვთვლი, რომ ასეთია გიზო ნიშნიანიძის პოემა „პაემანი ვერაზე“, სადაც ავტორს უნიკალური თბილისური, რაინდული ურთიერთობის ამბები აქვს აღწერილი. ჩემი აზრით, ქალაქის წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, ადამიანებს შორის თბილისური ურთიერთობების მსგავსი ალბათ მსოფლიოს არც ერთ ქალაქში არ არის.
– თქვენი ერთი სიმღერა სოხუმში გახდა პოპულარული…
– დიახ, ვიცი, რომ ჩემი სიმღერა „ზოგი ასე უბერავს“ დღევანდელ სოხუმშიც ძალიან პოპულარულია. ამ სიმღერის აფხაზური ტექსტი ესმა კოკოსკირსა და ზურაბ შენგელიას ეკუთვნით.
– ცხოვრებაში რაზე გწყდებათ გული?
– გული ბევრ რამეზე მწყდება, მაგალითად, იმაზე, რომ ჩემს ლექსებს არ ექცევა ისეთივე ყურადღება, როგორც ჩემს სიმღერებს. ტელევიზიებშიც უფრო ხშირად იმიტომ მეძახიან, რომ ჩემი სიმღერები შევასრულო. არადა, თავის დროზე ფილოლოგიური ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. დღემდე დავწერე 5000 ლექსი – ეს კი 90 ათასამდე სტრიქონია. კრებული ჯერ არ მაქვს გამოცემული, მომავალი კრებულის სახელი მოფიქრებული მაქვს -„ანი-ბანი“ – ეს თუ არ იცი, გამოდის, რომ არაფერი იცი.
-აღდგომა რა არის თქვენთვის?
– აღდგომა არის იმის შანსი და იმედი, რომ ქრისტეს უკვე აღმდგარად და მეორედ მოსულად აღიარებენ, ქრისტეს – როგორც სიტყვას. ჩვენი პატრიარქი უკვე წლებია ბრძანებს, რომ ქრისტე, ანუ მასწავლებელი უკვე მოსულია… ბოლოს, თქვენს მკითხველს დავუტოვებ ჩემს ლექსს, სადაც სამყაროს ყველაზე დიდი საიდუმლოს ახსნა ვცადე.
უფალი არის ფოსფორის ალი
ანუ ფოსფორის ეთერის ალი
და დედამიწით იმიტომ გიხსნი
რწმენის გარეშე რომ ხედავს თვალი.
თორემ მეც ვხედავ ამ მარტო რწმენამ
სად გვატარა და სად მიგვიყვანა
ღვთისმშობლის ხვედრის საზღვრების გარეთ
და ჭკუიდანაც გადაგვიყვანა.
კიდევ იმიტომ, რომ დედამიწას
ყველაზე მეტად სჭირდება შველა
ის თუ მოგვიკვდა თან წაგვიყოლებს
და რელიგიაც გაქრება ყველა.
მიხვდი, რას ვამბობ? თუ კიდევ ვერა?
სულ ყველგან არის უფალის ალი,
მაგრამ მას ჩვენში წყ-ალის სახე აქვს
თან დავატარებთ კაცი თუ ქალი
როგორც ზოსიმე იოანემ თქვა-
გზას გაგვიკვ-ალავს მარცვ-ალი ალ-ი
ის არს ალ-აჰშიც კ-ალშიც დ-ალიშიც.
უფ-ალით ცოცხლობს ყველა ცოცხ-ალი
დიახ უფ-ალ ალს შეიცავს წყ-ალი
მხოლოდ წყ-ალს ძალუძს წყ-ალობა ალით
წყ-ალით გვასუნთქებს გვაჭმევს გვასმევს და
სწორედ რომ წყ-ალით გვნათლავს უფ-ალი
ეხლაც ვერ მიხვდი რას გეუბნები?
აუ ძაან გთხოვ მითხარ, რომ ხვდები
მის სულს ისუნთქავ, რომ იბადები
და ის გიბარებს როდესაც კვდები.
იმასაც გეტყვი თუ არ იცოდი,
რომ წყ-ალი ზუსტად იმდენივეა
რამდენი წვეთიც დასაბამიდან
იყო და ზუსტად იმ სიმძიმე
როდესაც კვდები ის წყ-ალი გტოვებს
რომელითაც შენი ხორცი ღმერთდება
და რომ დაგტოვებს განა გაქრება
წავა და დიდ წყ-ალს შეუერთდება,
წყ-ალს დიდი წყ-ალი ხოლო ძვ-ალს მიწა
მიწა ხარ მიწად გარდაიცვლები
კარგი, წავედი, გემშვიდობები
და მაშინ მოვალ როცა მიხვდები…