გივი მიქანაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 8 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ეწვია.
გივი მიქანაძე სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა. კომიტეტის თავმჯდომარე სკოლების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნო.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მთავრობამ დააინიცირა და რომელიც 800 სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას გულისხმობს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. მომავალი თაობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია სასწავლო გარემო საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდეს. სახელმწიფო ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
გივი მიქანაძის თქმით, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ასევე ისიც, რომ 2024 წლის პირველი ივლისიდან, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ.
კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად სკოლები დაათვალიერეს პარლამენტის წევრმა სუმბატ კიურეღიანმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანიანმა.