თეა წულუკიანი: რას ფიქრობს ფოტიგა, ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება
„რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი, რომელმაც კარგად ვიცით როგორ დაასრულა თავისი პოლიტიკური კარიერა, ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, ასეთი ქალები რას ფიქრობენ, მნიშვნელოვანი არ არის”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რას ფიქრობს ფოტიგა, ეს თანამედროვე ქალი პედრო აგრამუნტი, რომელმაც კარგად ვიცით როგორ დაასრულა თავისი პოლიტიკური კარიერა, ან კიდევ ქალბატონი ფონ კრამონი, ასეთი ქალები რას ფიქრობენ, მნიშვნელოვანი არ არის. ეს ხალხი თავიანთი ქვეყნის საარჩევნო ოლქებში არიან არჩეულები. როგორც ჩანს, იმ საარჩევნო ოლქებში ყველაფერი კარგადაა, ყვავის და მოიცალეს საქართველოსთვის, ჩვენი ბედკრული სამშობლოსთვის, რომელსაც მეტი არაფერი უკეთებია თავის არსებობის მანძილზე, რომ ევროპის გალავნის ფუნქცია შეესრულებინა, წამებულიყო, სისხლი დაეღვარა იმისთვის, რომ ევროპული თვითმყოფადი კულტურა და ქრისტიანობა, სწორედ მათი კეთილდღეობისთვის გადაერჩინა. ჩვენთვის მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ და როგორ უნდა გავძლიერდეთ, რადგან თუ საქართველო არ იქნება ძლიერი, მას დიდხანს არსებობა გაუჭირდება იმ ტურბულენტურ მსოფლიოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი ორი საათის განმავლობაში იდგა ტრიბუნასთან სორბონის უნივერსიტეტში და ისეთ საზოგადოებას უხსნიდა რა უნდა იყოს საფრანგეთის მომავალი. უხსნიდა, რომ მომავალი 10 წელი იქნება ურთულესი, მათ შორის საფრანგეთისთვის, რომ საჭიროა ახალი სტრატეგია და ახალი ტიპის ბერკეტები იმისთვის, რომ გავძლიერდეთო. და რატომღაც მაკრონი რომ ამას იტყვის, ეს არის მისი პირიდან გადმოსული თაფლი მავანისთვის და ჩვენ რომ იმავეს ვამბობთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენს ფრანგ პრეზიდენტს ეს არ მოსწონს. ეს არის გასაკვირი ნამდვილად“, – აღნიშნა წულუკიანმა.