თეა წულუკიანი: ბევრად უფრო მკაცრ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ
„ბევრად უფრო მკაცრ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ, რომ თავად იღებენ უფრო მკაცრ და კიდევ რუსულ კანონს”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმედი LIVE-ში გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას.
„ჩვენს კანონში არის მხოლოდ ჯარიმა. ეს არის ადმინისტრაციული სანქცია, არავითარი სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის მათ შორის არც ორგანიზაციების წინააღმდეგ. ამითაც განსხვავდება ის რუსული კანონისგან. ბევრად უფრო მკაცრ კანონს იღებს თავად ევროპა და ევროპარლამენტარებმა, მგონი, ეს არ იციან, უმალავენ, რომ თავად იღებენ უფრო მკაცრ და კიდევ რუსულ კანონს. ჩვენი კანონი არის ძალიან მარტივი როგორც წასაკითხად, ასევე იმპლემენტაციის კუთხით მარტივი კანონი იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან ასევე განმარტა, რომ დეკლარაციას შეავსებს არა ინდივიდი, არამედ ორგანიზაცია.
„დეკლარაციას შეავსებს არა ინდივიდი, ფიზიკური პირი, არამედ ორგანიზაცია და თქვენ გეცოდინებათ, რომელია ის ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი არის უცხოეთიდან. გეცოდინებათ, რომელია ეს უცხოეთი – რუსეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი თუ სხვა. ასევე გეცოდინებათ, რა პროექტებს ხმარდება ეს თანხები – ხმარდება იმას, რომ პარლამენტის წინ გაიმართოს აქცია, დაამხონ ხელისუფლება და ქვეყანაში შემოვიდეს დესტაბილიზაცია თუ ემსახურება მაგალითად, ფაროსანასთან ბრძოლას. ეს მეორე კეთილშობილური ქართული საქმეა, ხოლო პირველი არის მავნებლობა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მან ასევე განმარტა, რომ ნებისმიერ პირი, რომელიც მუშაობს უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციაში და ემსახურება საქართველოს განვითარების რომელიმე პროექტს, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ცნობილი უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარებლად.