თეა წულუკიანი ზიზღის კამპანიაზე: მაინც ვაპირებთ 29 აპრილს აქციაზე წასვლას და ვიდგებით იმ პოზიციებზე, რომელზეც ვიდექით მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა 2011 წელს და თქვა, რომ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო
„მაინც მშვიდად გვძინავს ღამით, მაინც ვაპირებთ 29-ში [აპრილს] აქციაზე წასვლას, მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას და მაინც ვიდგებით იმ პოზიციებზე, რომელზეც ვიდექით მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა 2011 წელს და თქვა, რომ ჩვენ გავერთიანდებით და ვიქნებით დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა არის მთავარი დატვირთვა 29 აპრილის ღონისძიების და როგორ აფასებს იმ ზიზღის კამპანიას, რომელიც მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გაბედავს და იტყვის, რომ აპირებს რუსთაველის გამზირზე მისვლას.
„ყველა, ვინც ვიდგებით ქართულ პოზიციებზე, რომელიც გულისხმობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შემდეგს – რომ რუსეთი ოკუპანტია, მშვიდობის გზით გავაერთიანებთ ჩვენს სამშობლოს, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ისე, რომ შევინარჩუნებთ ჩვენს ქართულ მეობას, რწმენას, ტერიტორიებს და ენას. ეს არის ქართული პოზიცია. ვინც ვდგავართ ამ პოზიციაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვცინებენ, შევეზიზღებით და გაგვლანძღავენ, მაგრამ მინდა გაგამხნეოთ და გითხრათ, რომ მაინც მშვიდად გვძინავს ღამით, მაინც ვაპირებთ 29-ში [აპრილს] აქციაზე წასვლას, მაინც გავაგრძელებთ ბრძოლას და მაინც ვიდგებით იმ პოზიციებზე, რომელზეც ვიდექით მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა 2011 წელს და თქვა, რომ ჩვენ გავერთიანდებით და ვიქნებით დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო. სამუშაო დღის ბოლოს კერძო სექტორი, საჯარო სექტორი, პოლიტიკოსი, ხელოვანი, სპორტსმენი, თუ სოფლის მეურნეობის მუშაკი, 29 აპრილს საღამოს შევიკრიბებით და ერთმანეთს ვეტყვით, რომ არ არსებობს სხვა ალტერნატივა გარდა ევროპული, ქართული საქართველოსი, რისთვისაც ვიკრიბებით 29-ში საღამოს“, – აღნიშნა წულუკიანმა.