2024 წლის 24 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, პროფესორ გიორგი ძიძარიას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა
2024 წლის 24 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, სმეა-ს, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, გამოჩენილი ისტორიკოსის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ძიძარიას დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა.
ღონისძიება გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, რომელმაც აღნიშნა გ. ძიძარიას მნიშვნელოვანი როლი ისტორიოგრაფიის განვითარებაში და გაიხსენა ეპიზოდები აფხაზ ისტორიკოსთან კოლეგიალური და მეგობრული ხანგრძლივი ურთიერთობიდან.
ძირითადი მომხსენებელი გახლდათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა პროფესორ გ. ძიძარიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მომხსენებელი შეეხო არა მარტო ხსენებული მკვლევრის ვრცელ აკადემიურ მემკვიდრეობას, არამედ ისაუბრა მის პიროვნულ თვისებებზეც.
სიტყვით გამოვიდნენ პროფესორი ოთარ ჟორდანია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე, სამშვიდობო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორანტი ლავრენტი გერაძე, სსუ ენების ცენტრის თანამშრომელი, ქალბატონი რიტა ამიჭბა-მარღანია და ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სმეა-ს აკადემიკოსები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების წევრები.