შალვა პაპუაშვილი: იმ დეზინფორმაციის გამო, რომელიც „ბათუმელებმა” და “ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, ბოდიშის მოხდა მოუწიათ, მაგრამ ახლა, დონორი იყენებს მათ იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ კანონპროექტს
,,უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება, ამ დეზინფორმაციას, რომელიც „ბათუმელებმა” და “ნეტგაზეთმა“ გაავრცელა, ნახეთ თქვენ, რომ ბოდიშის მოხდა მოუწიათ მათ ამის გამო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიწას, რომელზეც საუბარია, მისი ოჯახი წლების განმავლობაში ფლობდა იჯარით და შემდგომ, დაახლოებით თოთხმეტი წლის წინ მოხდა ამ მიწის გამოსყიდვა სახელმწიფოსგან.
მისი თქმით, რადგან ეს იყო მისი ნათესავის იურიდიულ საკუთრებაში და ფაქტობრივად ფლობდნენ თანაბრად, შემდგომ მოხდა ამ ხარვეზის გასწორება იურიდიულად.
„სინამდვილეში, რასაც შეეხება საქმე, საუბარი არის პაპაჩემისეული მიწაზე, რომელიც პაპაჩემს ჰქონდა იჯარით. შემდგომ მე და ჩემი ბიძაშვილი ერთად ვფლობდით ამ მიწას. ჯერ გვქონდა იჯარა გამოსყიდვით, შემდეგ რამდენი წელი გავიდა უკვე აღარც ვიცი, ალბათ თოთხმეტი წლის წინ შევისყიდეთ და იყო თანასაკუთრება ჩემი და ჩემი ბიძაშვილის. შემდეგ მოხდა ამის გამიჯვნა და ვინაიდან ჩვენ ერთობლივად ვფლობდით და ერთობლივი ხარჯი გვქონდა, ამიტომაც გაიმიჯნა ეს მიწა და რაც იყო ფაქტობრივი მდგომარეობა, ის დარეგისტრირდა რეესტრში. არის ნასყიდობის ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ხარჯები ჩვენ გვქონდა საერთო. ეს იყო ფაქტობრივი თანასაკუთრება და ამის დარეგისტრირება მოხდა.
სამწუხარო არის ის, რომ ის მედიასაშუალება „ნეტგაზეთს” და “ბათუმელებს”ვგულისხმობ, არის ზუსტად ის მედიასაშუალება, რომელიც მალავს თავის დამფინანსებლებს, სავარაუდოდ ფინანსდება ევროპის დემოკრატიის ფონდიდან და ამერიკის დემოკრატიის ფონდიდან. აი, ეს ის ორი ორგანიზაციაა, რომელიც ფარულად აფინანსებენ საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს, და როგორც ჩანს, ზუსტად ეს ორი ორგანიზაცია, დონორი, იყენებს ახლა ამ მედიასაშუალებას იმისთვის, რომ თავს დაესხას საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ რაიმენაირად ზიანი მიაყენონ იმ კანონპროექტს, ვინაიდან ეს კანონპროექტი, რა თქმა უნდა, მათ გამჭვირვალობას ეხება, მათ შორის და არ უნდათ რომ იყვნენ გამჭვირვალენი,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.