ირაკლი კობახიძე: მინდა, მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა, მხოლოდ ამ მონაკვეთზე გაიჭრა 4 გვირაბი, აშენდა 11 ხიდი, ჩატარდა ძალიან დიდი, მასშტაბური სამუშაოები
„მინდა, მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტის, რასაც ქვია – საუკუნის პროექტი – რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. ამ მშენებლობის მორიგი ეტაპი ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა, რისი მომსწრეც ვართ ჩვენ დღეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტი, რომელიც სრულად შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს და გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით, დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მგზავრობის დროს აღნიშნულ მონაკვეთზე.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონიმიკური წინსვლის უზრუნველყოფისთვის.
„როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის შემოდგომაზე გაიხსნა რიკოთის მაგისტრალის 27 კმ-იანი მონაკვეთი, რომლითაც ჩვენი მოსახლეობა და სტუმრები უკვე სარგებლობენ და სერიოზულად ამცირებს მგზავრობის დროს. დღეს იხსნება ზესტაფონის შემოვლითი, 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი გზა.
მხოლოდ ამ მონაკვეთზე გაიჭრა 4 გვირაბი, აშენდა 11 ხიდი, ჩატარდა ძალიან დიდი, მასშტაბური სამუშაოები. მთლიანობაში, ეს არის ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე შექმნილი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება გარემოსდაცვით სტანდარტებს, გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხარისხით და დაახლოებით ნახევარი საათით შეამცირებს მხოლოდ ამ მონაკვეთზე მგზავრობის დროს. შესაბამისად, ამ სიკეთით ისარგებლებენ რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი სტუმრები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას.
ასევე განტვირთავს ეს ახალი გზა ქალაქ ზესტაფონს და მისცემს განვითარების ახალ შესაძლებლობებს, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ახალი მონაკვეთის მშენებლობა. ამ გზის დასრულებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უკვე 276 კმ იქნება აშენებული. მათ შორის, აშენებულია რიკოთის პროექტით გათვალისწინებული 52 კმ-იანი გზიდან 36 კმ. დარჩენილი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება და, ეტაპობრივად, დასრულდება ყველა შესაბამისი დაგეგმილი პროექტი.
მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზა საქართველოზე გამავალი ტრანს-ევროპული ქსელის, ეგრეთწოდებული შუა დერეფნის შემადგენელი ნაწილია; თანამედროვე პროცესების ფონზე, ეს გზა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. მისი განვითარებისთვის დღეს არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი პარალელურად მიმდინარეობს, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის არსებითად განვითარებას, რასაც აქვს არსებითი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონიმიკური წინსვლის უზრუნველყოფისთვის და ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნება.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.