ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
ბევრი ფილოსოფოსი და მეცნიერი ფიქრობს იმაზე, ვცხოვრობთ თუ არა სიმულირებულ სამყაროში. და, აი, ახლა პორტსმუთის უნივერსიტეტის მეცნიერი მელვინ ვოპსონი თვლის, რომ მას ამის მტკიცებულებები აქვს.
მის მიერვე ჩამოყალიბებული ინფოდინამიკის მეორე კანონის გამოყენებით, ვოპსონი ამტკიცებს, რომ დროთა განმავლობაში საინფორმაციო სისტემებში ენტროპიის შემცირებამ შეიძლება დაამტკიცოს, რომ სამყაროს “მონაცემთა ოპტიმიზაცია და შეკუმშვა” აქვს ჩაშენებული, ეს კი რეალობის ციფრულ ბუნებაზე მეტყველებს.
1999 წელს გადაღებულ ფილმში The Matrix, ტომას ანდერსონს (იგივე ნეო) “აღმოაჩენინებენ”, რომ მისი სამყარო სიმულაციაა. ნეოსგან განსხვავებით ვოპსონისთვის ეს არავის უთქვამს, ის აქამდე მეცნიერების გამოყენებით მისვლას ცდილობს.
“ფიზიკაში არსებობს კანონები, რომლებიც მართავს ყველაფერს, მაგალითად, როგორ მოძრაობენ ობიექტები, როგორ მიედინება ენერგია და ა.შ. ყველაფერი დაფუძნებულია ფიზიკის კანონებზე. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თერმოდინამიკის მეორე კანონია, რომლის მიხედვითაც ენტროპია მხოლოდ იზრდება, ან იგივე რჩება, მაგრამ არასდროს მცირდება”, — ამბობს ვოპსონი.
ამ ცნობილ კანონზე დაყრდნობით, ვოპსონი ელოდა, რომ ენტროპია საინფორმაციო სისტემებში — რომელიც მისმა წინა კვლევამ განსაზღვრა, როგორც “მატერიის მეხუთე მდგომარეობა” — ანალოგიურად უნდა გაზრდილიყო. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად, ის რჩება მუდმივი, ან თუნდაც მცირდება მინიმალურ მნიშვნელობამდე. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის მეორე კანონს, რომელმაც შთააგონა ვოპსონს მიეღო ინფორმაციის დინამიკის მეორე კანონი (ინფოდინამიკა).
“ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ფართოვდება სითბოს დაკარგვის ან მომატების გარეშე, რაც მოითხოვს სამყაროს მთლიანი ენტროპიის მუდმივობას. თუმცა, ჩვენ ასევე ვიცით თერმოდინამიკიდან, რომ ენტროპია ყოველთვის იზრდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ უნდა არსებობდეს სხვა ენტროპია — ინფორმაციული ენტროპია ზრდის დასაბალანსებლად”, — აღნიშნა ვოპსონმა.
ვოპსონი ამტკიცებს, რომ ეს კანონი როლს თამაშობს ატომურ ფიზიკაში (ელექტრონების განლაგება), კოსმოლოგიაში და ბიოლოგიურ სისტემებში. ვოპსონი განსაკუთრებით ხაზს სწორედ ბიოლოგიაზე უსვამს. ჩარლზ დარვინის იდეის საწინააღმდეგოდ, რომ მუტაციები შემთხვევით ხდება, მუტაციები რეალურად ხდება ისე, რომ ინფორმაციის ენტროპია მინიმუმამდეა დაყვანილი. ვოპსონმა გააანალიზა SARS-CoV-2 ვირუსის მუტაცია და ამით უნიკალური კორელაცია აჩვენა ინფორმაციასა და გენეტიკური მუტაციების დინამიკას შორის.
ასევე: როგორ გავიგოთ, ვცხოვრობთ თუ არა კომპიუტერულ სიმულაციაში? — ფიზიკოსი შესაძლო გზას გვთავაზობს
სად მივყავართ ამ ყველაფერს? ვოსპონის შეფასებით, ინფოდინამიკის მეორე კანონი შეიძლება გამოვიყენოთ იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ ნამდვილად სიმულაციაში ვცხოვრობთ.
“თუ ჩვენი რთული სამყარო მართლაც სიმულაციაა, საჭირო იქნება მონაცემთა ჩაშენებული ოპტიმიზაცია და შეკუმშვა, რათა შემცირდეს გამოთვლითი სიმძლავრე და მონაცემთა შენახვის მოთხოვნები. სწორედ ეს ხდება ჩვენს გარშემო, მათ შორის ციფრულ მონაცემებში, ბიოლოგიურ სისტემებში, მათემატიკურ სიმეტრიებსა და მთელ სამყაროში”, — უთხრა ვოპსონმა The Conversation-ს.
ყველა ეს ვარაუდი, მათ შორის ვოპსონის ინფოდინამიკის კანონი შემდგომ გადამოწმებას საჭიროებს. ამ ეტაპზე ერთი რისი თქმაც შეგვიძლია ისაა, რომ ვოპსონის დაკვირვებები საინტერესოა და თუ სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი ამას დრო გვიჩვენებს. . . ნეო, გაიღვიძე!