ირაკლი კობახიძე: 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას

„ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციებს, ჩვენ მივხედავთ ჩვენს აქციას, მათ მიხედონ საკუთარს. 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ და 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რითაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას“, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, შეკრებაზე მყოფი 300 კაციდან 2/3 არის დიმა ჩიქოვანის, ანუ კეზერაშვილის მიერ 1000 ლარად, ან უფრო ნაკლებად დაფინანსებული ადამიანების ერთობა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოში არის დემოკრატია, უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება და საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ან თუნდაც ხუთშაბათს, მაგრამ თავი დაანებონ ორშაბათს.

„თავის აქციებს მიხედონ, რომ ვერ კრებენ 300 კაცზე მეტს ყოველდღიურად და ვნახავთ ასევე, როგორი იქნება ჩვენი აქციის შემადგენლობა. ძალიან ნერვიულობენ ჩვენს აქციაზე და ნერვიულობას უბრალოდ ვერ მალავენ მთელი ამ დღეების განმავლობაში. ნუ ნერვიულობენ, სანერვიულო აქვთ, მაგრამ მე მოვუწოდებ, მშვიდად შეხედონ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში ეს მათ სიმშვიდეს მეტად წაადგება.

29 აპრილს გაიმართება ჩვენს მიერ დაანონსებული აქცია და ამის შემდეგ, აქ ასევე იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ორშაბათსაც უნდოდათ აქციის გამართვა, რადგან კომიტეტი იმართება და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, თუ ოპოზიცია მოინდომებს, შეიძლება დასჭირდეს 2-3 დღე. შესაბამისად, საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. ამიტომ, თავი დაანებონ ორშაბათს და კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როცა ამის საშუალება აქვთ, ეს არის სამშაბათი, ოთხშაბათი, შეიძლება ხუთშაბათიც, ამის საშუალება მათ აქვთ. საქართველო არის დემოკრატია, აქ უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება, რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ასევე იხილეთ