უკრაინული გამოცემა: საქართველოს ნაკრებისგან სენსაციურ შედეგებს ევრო 2024-ზეც უნდა ველოდოთ
უკრაინულმა გამოცემამ, Ua-football-მა საინტერესო წერილი გამოაქვეყნა საქართველოს ნაკრების წარმატებაზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე არსებობის ისტორიაში პირველად მოხვდა.
„გერმანიაში ევრო 2024-ის მონაწილეთა საბოლოო შემადგენლობა დადგინდა. არაჩვეულებრივი ამბავი მოხდა – საქართველომ პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. აქამდე საქართველოს დიდ საფეხბურთო ტურნირზე არასდროს უთამაშია და ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი დებიუტანტი იქნება.
ქართველებმა შესარჩევ ეტაპზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს, მაგრამ გუნდს ერთა ლიგაზე გამოსვლა დაეხმარა – ჯგუფში გამარჯვებამ საქართველოს შესარჩევ პლეი ოფში თამაშის უფლება მისცა.
ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა. საბერძნეთი უფრო მეტად უტევდა, მაგრამ ეს იყო ის, რაც საქართველოს სჭირდებოდა – ქართველმა ფეხბურთელებმა დაცვაში კარგად ითამაშეს და მეტოქის შეტევა თითქმის მთლიანად შეზღუდეს. გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც ქართველები უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ.
ამ გუნდის წარმატების არქიტექტორი ფრანგი მწვრთნელი ვილი სანიოლია – საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ლეგენდარული მცველი საქართველოს ნაკრებს 2021 წლიდან წვრთნის, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პროგრესი დაიწყო.
ერთა ლიგის ჯგუფში გამარჯვება სწორედ მისი დამსახურებაა. იგივე შეიძლება ითქვას ევროს პლეი ოფში გამარჯვებაზე. სანიოლის გუნდს გამორჩეული თამაშის სტილი აქვს – საქართველოს ნაკრები ბურთს მეტოქეს უთმობს. საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნების“ ბურთის ფლობა მატჩში, საშუალოდ, 40%-ს აღემატებოდა, ეს შესარჩევი ციკლის 53 მონაწილეს შორის 43-ე შედეგია.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ერთა ლიგის C დივიზიონშიც კი, სადაც საქართველო თანაბარ მეტოქეებთან თამაშობდა, ბურთის ფლობის დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა. ასევე, სანიოლის გუნდი თითქმის უარს ამბობს პრესინგზე – გუნდი მოედნის ბოლო მესამედში, მეტოქის კართან ახლოს, საშუალოდ, მატჩის 36%-ს ატარებს.
საქართველოს ნაკრები სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებს – ძირითადად, დრიბლინგისა და მოკლე პასების წყალობით ცდილობს წარმატების მიღწევას, გუნდი საგოლე შანსებს უფრო კომბინაციებით ქმნის. თამაშის ასეთ მოდელში გადამწყვეტ როლს ფეხბურთელების სისწრაფე თამაშობს. შანსების რაოდენობა კი პირდაპირ დამოკიდებულია მოთამაშეების ინდივიდუალურ ქმედებებზე.
ზაფხულში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც მთელი ერისთვის დიდი წარმატებაა. ქართველები F ჯგუფში მოხვდნენ პორტუგალიასთან, ჩეხეთსა და თურქეთთან. ტურნირის ფორმატით, პლეი ოფში გასვლა მესამე ადგილიდანაც შესაძლებელია. თუ გავითვალისწინებთ სანიოლის გუნდის თამაშის სტილს, ალბათ ამ ბიჭებისგან სენსაციურ შედეგებს კიდევ უნდა ველოდოთ“, – წერს უკრაინული გამოცემა.