„ჩვენ დაგვჭირდება უახლოესი რამდენიმე წელი, რომ რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების კუთხით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, გაუმჭვირვალობის პირობებში „ენჯეოების“ საქმიანობა აფერხებდა ქვეყნის წინსვლას რევოლუციების მოწყობის მცდელობებით.
„რეალურად, გაუმჭვირვალობის პირობებში ენჯეოების საქმიანობა სერიოზულად აფერხებდა ქვეყნის წინსვლას და შეგახსენებთ, რა იყო მათი საქმიანობის შედეგები – ეს იყო ორი რევოლუციის მცდელობა 2021 წელს და ასევე 2022 წელს, მათ ჰქონდათ რევოლუციის ორი მცდელობა, ასეთი მოვლენები რა თქმა უნდა, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. 2020 წელს მათ გააყალბეს „პივიტი“, გააყალბეს მონაცემები იმაზე, თითქოს 8%-იანი ზედმეტობა იყო, თითქოს გვიან გამოაქვეყნა ცესკომ არჩევნების შედეგები, რაც შემდგომ გამოიყენა ოპოზიციამ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სცენარი იმისთვის, რომ მოეწყოთ რევოლუცია 2021 წელს, სცადეს, უნდოდათ რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ 2022 წელს, როცა არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს ენჯეოები პირდაპირ ავიდნენ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, ანუ ეს იყო უკვე პირდაპირ, სცენაზე, მათი რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობა. ანუ ორჯერ სცადეს ამ ადამიანებმა, გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში. რომ ყოფილიყო მათი დაფინანსება გამჭვირვალე, ბევრად უფრო ნაკლები შანსი იქნებოდა იმისა, რომ ისინი ღიად ჩაერთვებოდნენ რევოლუციურ პროცესებში, რაც რა თქმა უნდა ყოველთვის უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა,“- აღნიშნა პრემიერმა.