ირაკლი გოგავა: სუვერენიტეტის მოსაპოვებლად დრო ცოტა გვაქვს და უნდა მოვასწროთ!
„ანტიკოლონიალურ ბრძოლაში ბევრმა ადამიანმა შეიტანა თავისი წვლილი. ბევრმა თავი გადადო, უარი თქვა პირად კეთილდღეობაზე, კარიერაზე, სარფიან შემოთავაზებებზე, რისკებზე წავიდა – ყველა ეს ხალხი უნდა დაფასდეს და ერთად დადგეს! ხელისუფლებამ შეკრებაზე მისული ხალხი მმართველი პარტიის მხარდამჭერებად არ უნდა გამოაცხადოს. ეს სიტუაციური მოკავშირეობაა ქვეყნის დეკოლონიზაციისთვის! დღეს ჩვენ ერთი პარტია გვაქვს და მას მისი უდიდებულესობა ქართველი ერი ჰქვია!“ – ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს.
„29 აპრილის შეკრების შესახებ!
დავით აღმაშენებელი 1089 წელს გამეფდა, თურქ-სელჩუკებს ხარკის გადახდა კი 1099 წელს შეუწყვიტა. ამ წელს ჯვაროსნებმა თურქები დაამარცხეს, იერუსალიმი აიღეს და რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა.
გიორგი V ბრწყინვალე მეორედ 1318 წელს გამეფდა და მონღოლებისგან საქართველოს გათავისუფლება 1327 წელს დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც მონღოლთა (ილხანთა) სახელმწიფოში შიდა არეულობა დაიწყო, ანუ რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა.
ერთ მეფეს 10 წელი დასჭირდა სუვერენიტეტის დასაბრუნებლად ბრძოლის დასაწყებად, მეორეს კი 9. მანამდე კი ბეჯითად იხდიდნენ ხარკს, მიმდინარეობდა შიდა კონსოლოდიაცია, გამაგრება, არასანდო ელემენტების გამოვლენა და ელოდებოდნენ ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ მომენტს საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლის დასაწყებად.
დასკვნა: გეოპოლიტიკას ყველა დროში ერთი და იგივე კანონები აქვს.
საქართველო 2004 წლიდან გარე მართვაზე მყოფი კოლონიაა და ჩვენი ფუნქციებია:
- იაფფასიანი მუშახელის მიწოდება ევროპისთვის და ჩრდილოეთ ამერიკისთვის;
- სასარგებლო წიაღისეულის მიწოდება და მისი იაფად ტრანზიტი კოლონიზატორებისთვის;
- თავსმოხვეული „ვაშინგტონის კონსენსუსის“ ეკონომიკური მოდელის მიხედვით, აკრძალული გვაქვს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მაღალტექნოლგიური სფეროების, მეცნიერების, განათლების და სხვა დარგების განვითარება;
- სისტემურად სრულდება შობადობის შესამცირებელი ათეულობით ღონისძიება;
- თავს გვახვევენ ნარკომანიას, მამათმავლობას, ლუდომანიას;
- უცხოური საბანკო კაპიტალის მეშვეობით ხდება ქართველების ძარცვა;
- საქართველო უცხოური ვალების ორმოშია და დიდ პროცენტებს გვახდევინებენ;
- საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ იმართება ქვეყნის ეკონომიკა და საფინანსო სისტემა;
- ქართველი ჯარისკაცები სხვის ომებში მონაწილეობენ (ავღანეთი, ერაყი, აფრიკა, კოსოვო);
- საერთაშორისო ორგანიზაციებში არ გვაქვს დამოუკიდებლად ხმის მიცემის უფლება;
- გვავალდებულებენ, მივიღოთ მიგრანტები;
- ცდილობენ, კვლავ გვაომონ რუსეთთან;
- ცდილობენ, უარი გვათქმევინონ რწმენასა და ეკლესიაზე;
- გვექცევიან, როგორც აბორიგენ ველურ ტომს, რომლის რაოდენობის შემცირებაც აუცილებელია და ამას წარმატებით აკეთებენ;
- გვთხოვენ სასამართლოს სისტემაზე კონტროლის გადაცემას;
- ხელს არ უწყობენ აფხაზებთან და ოსებთან ჩვენს დიალოგს.
ეს თექვსმეტი პუნქტი რომ უცილობლად შესრულდეს და მეტროპოლიამ გააგრძელოს ჩვენგან ხარკის მიღება, შექმნილია მრავალათასიანი „მეხუთე კოლონა“, რომელიც მეტროპოლიიდან უხვად ფინანსდება. „მეხუთე კოლონას“ კარგ ჯამაგირს უხდიან, მეტროპოლიაშიც დაჰყავთ, ყოველდღე ხორცს აჭმევენ, აცმევენ, უვლიან მხოლოდ ერთის სანაცვლოდ – მათ საქართველოს მთავრობას არ უნდა მისცენ კოლონიალური მართვის მარწუხებიდან თავის დახსნის საშუალება. „36 ჩინური სტრატაგემიდან“ უმრავლესობას ჩვენს წინააღმდეგ ამუშავებენ.
კოლონიის განმარტება – ქვეყანა, რომელიც არის მიტაცებული და ხდება მისი ექსპლუატაცია იმპერიალისტური სახელმწიფოს ანუ მეტროპოლიის მიერ. ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო დამოუკიდებლობა ანუ სუვერენიტეტი.
ეს არის ჩვენი რეალური მდგომარეობა. დღეს შეცვლილია გეოპოლიტიკური რეალობა და გაჩნდა შანსი, რომ თავი დავაღწიოთ კოლონიალურ ყოფას და ილიას სიტყვები „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“ რეალობად ვაქციოთ. ეს შანსი დაინახა ბიძინა ივანიშვილმა და დაიწყო ანტიკოლონიალური მოძრაობა სუვერენიტეტის დასაბრუნებლად. ამ პროცესს მხარი უნდა დავუჭიროთ, რადგან სულ მალე ასეთი შესაძლებლობა აღარ იქნება.
მეტროპოლია ხედავს, რომ კოლონიის აბორიგენი მმართველები აჯანყდნენ, ხალხიც აჰყვა და „მეხუთე კოლონას“ ანუ კოლონიალურ ადმინისტრაციას უბრძანა: ეცი! … თუმცა, ეს პრივილეგირებული კასტა კარგა ხანია ივანიშვილმა, როგორც იმერეთში იტყვიან, „ჭაში ნახათქუნებ ვედროს“ დაამსგავსა და ეფექტი არ არის.
მეტროპოლია მუქარებზე გადავიდა: სანქციებიო, ვიზებიო, დახმარებაო… მოკლედ, დაბნეულები არიან და კარგი სვლები არ დარჩათ. ისიც იციან: ძალიან რომ მოგვაწვნენ, სულ დაგვკარგავენ და მერე როგორ მოახერხებენ შუა აზიიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ბუნებრივი რესურსების ამოქაჩვას, ვერ ხვდებიან. ეს კი მათი ეკონომიკის მინიმუმ 10%-იან გარანტირებულ ვარდნას ნიშნავს მომყოლი დომინოს და მულტიპლიკაციური ეფექტებით.
ასე რომ, მეტროპოლია „ყურებით გვყავს გამოჭერილი“!
რჩევა მეტროპოლიას: მიშელები, კუბილიუსები, გრეგოროვები, ფოტიგები და ასე შემდეგ უნდა წავიდნენ, მაგათ არც დაველაპარაკებით. 6-9 ივნისს არჩეულ ახალ ტრადიციონალისტ პარლამენტარებთან ვისაუბრებთ და უნგრეთის პრეზიდენტ ორბანთან, რომელიც 1 ივლისს ევროკავშირის თავმჯდომარე გახდება 6 თვით. საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი მოდელი უნდა შემუშავდეს, სადაც საქართველოს ინტერესები იქნება გაწერილი. დღეს ასე არ არის. სარგებელი მხოლოდ მეტროპოლიას აქვს.
მეტროპოლია თავს არიდებს ჩვენთან, როგოროც პარტნიორთან საუბარს და გადაწყვეტილი აქვს, სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს. ეს კი აუცილებლად ნიშნავს რუსეთთან ომს და ქართული სახელმწიფოს დასასრულს – ამჯერად პამპერსებსაც ვეღარ მივიღებთ, რადგან თურქეთი მონტრეს კონვენციას იცავს და სამხედრო გემებს შავ ზღვაში არ უშვებს. დახმარება არსაიდან არ იქნება!
ამიტომ!
29 აპრილის შეკრებას აქვს ეპოქალური დატვირთვა და ის ანტიკოლონიალური ბრძოლის დიდი ეპიზოდია. აუცილებელია ერის მასობრივი მონაწილეობა მასში, რადგან ამ ეტაპზე გვაქვს სამი არჩევანი:
- ვრჩებით კოლონიად და ვაგრძელებთ ყოველწლიურად 10 მილიარდი დოლარის ხარკის გადახდას განვითარების გარეშე და დემოგრაფიული გადაშენების პერსპექტივით
- ვაძლევთ საშუალებას მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ვერთვებით რუსეთთან ომში, რაც სახელმწიფოს დაკარგვით სრულდება
- ვაწარმოებთ ანტიკოლონიალურ ბრძოლას მაქსიმალური სუვერენიტეტის მიღებამდე, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სწრაფი განვითარება და დემოგრაფიული გაფურჩქვნა გარდაუვალია
ანტიკოლონიალურ ბრძოლაში ბევრმა ადამიანმა შეიტანა თავისი წვლილი. ბევრმა თავი გადადო, უარი თქვა პირად კეთილდღეობაზე, კარიერაზე, სარფიან შემოთავაზებებზე, რისკებზე წავიდა – ყველა ეს ხალხი უნდა დაფასდეს და ერთად დადგეს! ხელისუფლებამ შეკრებაზე მისული ხალხი მმართველი პარტიის მხარდამჭერებად არ უნდა გამოაცხადოს. ეს სიტუაციური მოკავშირეობაა ქვეყნის დეკოლონიზაციისთვის!
დღეს ჩვენ ერთი პარტია გვაქვს და მას მისი უდიდებულესობა ქართველი ერი ჰქვია!
რატომ უნდა მივიდეთ საერთო სახალხო შეკრებაზე?
- ყველას დავანახოთ, რომ ქართველი ერი ერთიანია და იბრძვის სუვერენიტეტისთვის. დიდი მასის გამოსვლის შემთხვევაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა შესაძლოა გადაიფიქრონ და დაგველაპარაკონ როგორც პარტნიორები;
- ეს არ არის პარტიული აქცია, ამ აქციის დატვირთვა ეპოქალურია და 1991 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის და 2012 წლის მეტროპოლიის მარიონეტი დიქტატორის მოშორების შემდეგ ამ მნიშვნელობის მოვლენა არ გვქონია;
- ხელისუფლებაში ბევრი მერყევი ადამიანი შეიძლება იყოს და როცა დაინახავს ხალხის ერთობას, გამყარდება მათი პოზიცია;
- ეს შეკრება ფაქტიურად ახალი რეფერენდუმია დამოუკიდებლობის ანუ სუვერენიტეტის შესახებ;
- ამ შეკრებით ვახდენთ მეხუთე კოლონის დემორალიზაციას;
- ნებისმიერ ერს გააჩნია კოლექტიური გონი – დიდი შეკრების დროს ამ გონის კონსოლიდაცია და გააქტიურება ხდება;
- სუვერენიტეტის მოსაპოვებლად დრო ცოტა გვაქვს და უნდა მოვასწროთ!“ – წერს ირაკლი გოგავა.