მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
„29 აპრილი არის დღე, რომელსაც არ სჭირდება მოწოდება, ადამიანი თავად გრძნობს, რომ იქ უნდა იდგეს. ეს არის მუხტი, რომლის გამოვლინებაც მოხდება ამ დღეს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანა ახლა დგას საშიშროების წინაშე, რასაც გრძნობენ ადამიანები და 29 აპრილს დაგეგმილ აქციაზე მივა ყველა, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა „ოცნება“.
„დღეს არის მოცემულობა, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში ჰქონია ჩვენს ერს, როდესაც ქვეყნის, ერის გადარჩენის საკითხი დამდგარა და ყველა გაერთიანებულა.
როცა რეზოლუციის მიღების დღეს, ევროპარლამენტში მიიყვან გვარამიას, იმ სასტიკი რეჟიმის ჯალათსა და მსახურს, რომელიც ასე საშინლად მოექცა თავის ხალხს, აწამა პატიმრები და გააუპატიურა ქართველი მამაკაცი, შენ მიმართ ნდობა აღარ მექნება და შენ მიერ მიღებული რეზოლუცია არაფერი იქნება თუ არა ფარატინა ქაღალდი, რომელიც ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეადგინეს ამჯერადაც. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ გიგაურის და ლომჯარიას ინფორმაციებით საქართველოს შეცნობა გამორიცხულია.
29 აპრილი არის დღე, რომელსაც არ სჭირდება მოწოდება, ადამიანი თავად გრძნობს, რომ იქ უნდა იდგეს, ეს არის მუხტი, რომლის გამოვლინებაც მოხდება.
ჩვენ გვყავდა ასი ათასი მოწამე, ქეთევან დედოფალი, რომელსაც შეეძლო თავიდან აეცილებინა ტანჯვა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულის გრძნობა დაუგეგმავად ჩაგადენინებს გმირობას.
ახლა ქვეყანა დგას საშიშროების წინაშე და ამას გრძნობენ ადამიანები. მოსწონს „ოცნება“ თუ არა ამას არ აქვს მნიშვნელობა. როცა ამდენ სიყალბეს მატენი და გინდა, რომ მივიღო, უნდა იცოდე, რომ ამ ერს ჰყავდა ასი ათასი წამებული და ის წინაპრები, რომლებსაც ქვეყნის დასაცავად დიდი საქმე აქვთ გაკეთებული. უნდა იცოდეს ყველამ, რომ ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.