ნინო ვარდოსანიძე: კანონი, რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი, რომელიც მუშაობს აშშ-ში, არის ამერიკული და კანონი, რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
„რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს და მის წარმომავლობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის მცდელობას, ბევრი ითქვა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს და განიხილება არაერთ, მათ შორის ევროპულ ქვეყანაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვათა შორის, უფრო მკაცრი მექანიზმებით და რეგულაციებით, ვიდრე ეს ქართულ კანონპროექტშია. კანონისთვის სახელის ხელოვნურად დარქმევა, არის დიდი სპეკულაცია“, – განაცხადა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, საკრებულოს სხდომაზე.
„მართალია, ძალიან მიყვარს თეატრი, მაგრამ აბსურდის თეატრს ვუყურებთ ჩვენ ახლა და ვხედავთ სხვადასხვა სახის მცდელობებს, რომ სხვადასხვა მანიპულაციით მოხდეს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. მე მესმის ადამიანების, რომლებიც გარკვეულწილად დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არიან და ძალიან რთულია მყისიერად ყველა ინფორმაციის გადამოწმება. სამწუხაროდ, ფეხის ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით სიცრუის გავრცელების მცდელობებს. ვნახეთ გუშინ, კახა კალაძის ბრიფინგის შემდეგ, ფაქტების და ინფორმაციის დამახინჯების შემთხვევა. რთულია, მაგრამ ალბათ სწორია, რომ ყველა მსგავს შემთხვევაზე იყოს რეაგირება და სიცრუის მხილება. ობიექტურად დაინტერესებულ პირს ახლავე შეუძლია შეამოწმოს ყველა სიტყვა, წაიკითხოს პროექტი, გაეცნოს სხვა ქვეყნების მაგალითებს და ნახავს, რომ აქ არაფერი საშიში არ არის. საქმე არის მარტივად – კანონი, რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი, რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი, რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, თავის გამოსვლაში აღნიშნა, საუბარი მოგონილ ბრალდებებზეა და არა კანონპროექტის შინაარსზე.
„გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება 29 აპრილის აქციას, ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას და იმ ღირებულებების მხარდაჭერას, რომლებიცაა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ეროვნულობა და თავისუფლება. ოპოზიციის რიტორიკა და ჩვეული შეურაცხმყოფელი განცხადებები კი დამატებითი მოტივაცია იქნება ბევრისთვის. არ იფიქროთ, რომ ამით ვინმეს აზიანებთ, საკუთარი თავის და ისედაც დაბალი რეიტინგის გარდა“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.