ეკა სეფაშვილი: არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციას გადახედოს იმიტომ, რომ ყველა ის კანონი და პრაქტიკა, რაც დავნერგეთ ამ კუთხით, გამართულად მუშაობს
„ეს რეზოლუცია იყო ამ მოწვევის ევროპარლამენტის მორიელივით კუდის მოქნევის მცდელობა, რომ რამენაირად ავნონ საქართველოს და ქართველ ხალხს”, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღება არის იმის დამსახურება, რომ ამ კუთხით გატარდა მთელი რიგი რეფორმები, რაც პრაქტიკაში დღესაც კარგად მუშაობს. „მოსყიდული ევროპარლამენტარების გამო ევროკომისია, არც თხუთმეტი და არც ოცდაშვიდი წევრის თანხმობით არავითარ შემთხვევაში არ გადახედავს ვიზალიბერალიზაციას საქართველოსთან,“ – აღნიშნა მან.
„ევროპარლამენტის ეს მორიგი რეზოლუცია, ისევ და ისე ტყუილ ინფორმაციას ემყარება და მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას.
ეს, ბოლო რეზოლუცია, განსხვავებით სხვა რეზოლუციებისგან იყო ამ მოწვევის ევროპარლამენტის ბოლო, მორიელივით კუდის მოქნევის მცდელობა, რომ რამენაირად ავნონ საქართველოს და ქართველ ხალხს. ამ რეზოლუციით პირდაპირ გადავიდნენ შანტაჟზე, როდესაც მოუწოდეს ევროკომისიას, გადახედონ საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს.
საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო და ცხადი გავხადო ეს თემა – ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ჩვენ მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ განვახორციელეთ მთელი რიგი რეფორმები, დავნერგეთ მთელი რიგი პრაქტიკა და ეს ყველაფერი არის ასოცირების შეთანხმების ნაწილი. რაც შეეხებოდა ვიზალიბერალიზაციას, ცალკე გამოვყავით ე.წ. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმად, რომლის ფარგლებში საქართველომ უამრავი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის დაიწერა სამი დარგობრივი სტრატეგია, მივიღეთ უამრავი კანონი და ა.შ. მას შემდეგ, რაც მთელი რიგ რეფორმებზე
დავდეთ ხელშესახები და რეალური შედეგები, ევროკომისიამ მოგვანიჭა ვიზალიბერალიზაცია. ასე რომ, მოსყიდული ევროპარლამენტარების გამო ევროკომისია, არც თხუთმეტი და არც ოცდაშვიდი წევრის თანხმობით არავითარ შემთხვევაში არ გადახედავს ვიზალიბერალიზაციას საქართველოსთან.
ამ დღეებში ჩვენ ვისმენთ, ძალიან ბევრ სპეკულაციურ განცხადებას ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, რეალურად კი არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ ვიზალიბერალიზაციას გადახედოს ევროკავშირმა იმიტომ, რომ ყველა ის კანონი და პრაქტიკა, რაც დავნერგეთ ამ კუთხით, გამართულად მუშაობს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.