ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის დარჩენის მოთხოვნით ათასობით ესპანელმა აქცია გამართა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პედრო სანჩესის დარჩენის მოთხოვნით ათასობით ესპანელმა აქცია გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
ესპანეთის „სოციალისტური პარტიის“ მხარდამჭერებმა მადრიდში პარტიის შტაბ-ბინასთან აქცია გამართეს და ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს თანამდებობაზე დარჩენისკენ მოუწოდეს.
„პრემიერ-მინისტრო, დარჩი, პედრო, დარჩი. ჩვენ შენთან ვართ“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, მარია ხესუს მონტერომ პარტიის ფედერალური კომიტეტის სხდომაზე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ესპანეთის სასამართლომ პედრო სანჩესის მეუღლის წინააღმდეგ, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი, გამოძიება დაიწყო. პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ დროებით საჯარო მოვალეობების შესრულებას აჩერებდა, რათა გადაეწყვიტა, განაგრძობს თუ არა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელობას.
გავრცელებული ინფორმაციით, პედრო სანჩესი გადაწყვეტილებას 29 აპრილს გამოაცხადებს.