“წინანდლის ძველი მარნის” დამფუძნებელი: ქვეყანაში შემოსული ფინანსების წარმომავლობის გამჭვირვალობა საერთაშორისოდ მიღებული ნორმაა
კომპანია „წინანდლის ძველი მარნის“ დამფუძნებელი ელდარ მილდიანი მხარს უჭერს კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებას.
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში მეწარმე აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, თუკი გვინდა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა. მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული ფინანსების წარმომავლობის გამჭვირვალობა მხოლოდ ვინმეს ახირება კი არა, არამედ საერთაშორისოდ მიღებული ნორმაა.
„ყველა იმ სახელმწიფოში, რომელთა წარმომადგენლებიც გვიწუნებენ ამ კანონის მიღებას, თავად არსებობს მსგავსი ნორმები. ამავე დროს, მეც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მაქვს სრული უფლება, ვიცოდე, ვინ აფინანსებს ჩემს სამშობლოში არასამთავრობო სექტორს და როგორია ამ დაფინანსების წარმომავლობა. მე, მაგალითად, ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ბიზნესი აბსოლუტურად გამჭვირვალეა. დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგიურ იტყვიან ჩემი კოლეგებიც სხვადასხვა ბიზნეს სექტორებიდან”, – აღნიშნავს ელდარ მილდიანი და აცხადებს, რო, კანონის მიღებით მოგებული დარჩება ყველა ქართველი, მათ შორის, ისინიც, რომლებიც დღეს მის მიღებას მხარს არ უჭერენ.