მამუკა მდინარაძე: ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ მხოლოდ აშშ გვეხმარება და ქართველები მოწყალების შემყურედ ვართ. ჩვენ ვართ მეგობრები და მათგანაც ვითხოვთ ჭეშმარიტ მეგობრობას
მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველომ აშშ-სთან ურთიერთობებში საკუთარი კონტრიბუცია შეიტანა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ნატოს მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობას გაუსვა ხაზი.
„რამდენიმე მილიარდი დოლარი დაეზოგათ ჩვენი მისიებში ჩართულობის გამო. ჩვენს ქვეყანას ეს ნაკლები დაუჯდა, იმიტომ რომ ჩვენთან ანაზღაურება ნაკლებია. მათთვის რამდენიმე მილიარდის კონტრიბუცია ჩავდეთ უკან, ასე ვთქვათ. ჩვენც რაღაცას ვაკეთებთ. ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ მხოლოდ ისინი გვეხმარებიან და ქართველები მოწყალების შემყურედ გამოვდივართ. ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთეთ და არცერთ ქვეყანას NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან იმხელა კონტრიბუცია არ განუხორციელებია NATO-ს მისიებში ამერიკელებისა და ევროპელების მხარდამხარ, რაც ქართველებმა განვახორციელეთ. სისხლით დავდექით ქართველები. აბა, წადით, ჰკითხეთ იმ ოჯახებს, როგორია მათთვის ამ გმირების დაღუპვა და რაზე წავედით ქართველები. ეს არაფერს ნიშნავს?
ჩვენ ვართ მეგობრები და მათგანაც ვითხოვთ ჭეშმარიტ მეგობრობას“, – განაცხადა მდინარაძემ.