ვანო ჩხარტიშვილი: ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრობა ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას და რა თქმა უნდა , ღიად და გამჭვირვალედ საქვეყნო საქმეების ერთად კეთებას
“ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრობა ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას და რა თქმა უნდა , ღიად და გამჭვირვალედ საქვეყნო საქმეების ერთად კეთებას”, – ამის შესახებ ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
„პოლარიზაციის გაღრმავება ქვეყანაში ყოველთვის იყო და იქნება ქართველი ბიზნესმენების ბუნებრივი შეშფოთების საგანი, რადგან მუდმივი რყევები და დაძაბულობა საზოგადოებაში არაპროგნოზირებადს ხდის ბიზნეს გარემოს.
ეს კი შემაფერხებელია ნებისმიერი ინვესტორისთვის და შესაბამისად, ნიშნავს ნაკლებ ინვესტიციას, ნაკლებ სამუშაო ადგილს და ნაკლებ ბიუჯეტს სოციალური პროგრამებისთვის.
სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია და არავინ შეიძლება იყოს მიტინგების და ცხარე დებატების წინააღმდეგი. მაგრამ, ქვეყნისთვის და ბიზნესისთვისაც დამაზიანებელია ის, რომ წლებია დაპირისპირებამ საზოგადოებაში შეიძინა შეურიგებელი ხასიათი, შეწყდა დიალოგი მხარეებს შორის, გაბატონებულია სიძულვილის ენა, ხდება ერთმანეთის სტიგმატიზაცია, გაუცხოება და საერთო საქვეყნო თემებზე ერთად მუშაობის იგნორირება. ეს აბრკოლებს ჩვენს სწრაფვას ევროპისკენ, რადგან ევროპა და ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული აზრების შეჯერებით განვითარებისა და წინსვლის ხელოვნებაა.
ჩემს მიერ დაფუძნებულმა „სმარტ კაპიტალის“ ჯგუფმა, როგორც სოციალურად პასუხისმგებლობიანმა ბიზნესმა, 2012 წლიდან, როცა ბიზნესის კეთება საქართველოში თავისუფალი გახდა, ქვეყანაში განახორციელა ათეულ მილიონობით ლარის ინვესტიცია და დაასაქმა ათასობით ადამიანი. ეს წლები ასევე განუხრელად ვზრდიდით შენატანებს ბიუჯეტში და პარალელურად ვახორციელებდით სოციალურ პროგრამებს ქართული იდენტობის განმსაზღვრელი, ტრადიციული გალობისა და სიმღერის მხარდაჭერის, სმენადაქვეითებული მოზარდების ხელშეწყობის, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და სხვა მიმართულებებით. მაგრამ ჩვენი წარმატების მთავარი პირობა მაინც ისაა, რომ ჩვენი ბიზნეს ჯგუფის საქმიანობა ყოველთვის იყო და არის ღია და გამჭვირვალე. მსოფლიოს დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიები ყოველწლიურად აქვეყნებენ ანგარიშს კომპანიის საქმიანობასა და ფინანსებზე, რომელიც საჯაროა და გადამწყვეტი ფაქტორია ევროპელი პარტნიორებისათვის „სმარტ კაპიტალთან“ სათანამშრომლოდ. ასე მუშაობს მსოფლიო ბიზნესი, განსაკუთრებით კი ევროპული, როგორც ერთიანი დემოკრატიული სისტემის შემადგენელი ნაწილი.
ამ თვალსაზრისით, „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის შეურიგებლად პოლარიზებული გარემო სცილდება თვითონ დავის არსს. გამჭვირვალობას არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს ალტერნატივა, რადგან მისი ალტერნატივა არის გაუმჭვირვალობა. ქართული ბიზნესი ევროპულია, მუშაობს ევროპულად და მას არაფერი აქვს ქართველი ხალხისგან დასამალი, არც მთავრობას და არასამთავრობო სექტორს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე დასამალი ქართველი ხალხისგან.
აქსიომაა, რომ პოლიტიკოსებმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ, ბიზნესმენებმა თავიანთი და არასამთავრობოებმა თავიანი, მაგრამ თითოეულის საქმიანობა რომ უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, ესეც აქსიომაა. ეს ევროპული უნივერსალური ღირებულება და ბერკეტია, რითაც ხდება ქვეყნების დემოკრატიული მართვა და რისკების აცილება. ჩვენს შემთხვევაში კი რისკები, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არის სერიოზული. ამიტომ, ვერაფერს ვხედავთ არადემოკრატიულს და არაევროპულს იმაში, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს ქვეყანაში შემოსული თითოეული ცენტის დანიშნულება. სხვა თუ არაფერი, ეს ნებისმიერ ევროპულ და ცივილიზებულ ქვეყანაში ფინანსების აღრიცხვისა და ანგარიშგების უპირველესი და ელემენტარული მოთხოვნაა.
ბიზნესი და ეკონომიკა არ უნდა გახდეს პოლიტიკური დებატების მძევალი და საზოგადოებრივმა დაძაბულობამ კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენოს ყველა ის დადებითი ტენდენცია, რაც ბოლო წლებში იქნა მიღწეული. 2012 წლიდან საქართველოს ეკონომიკა გახდა მდგრადი და განუხრელად იზრდება, რაშიც უდიდესი წვლილი ბიზნეს წრეებს შეაქვთ. ბიზნესი გათავისუფლდა რეკეტისგან, ბიუროკრატიული წნეხისა და კორუფციისგან, რასაც ადასტურებს არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევა, ანალიზი და სტატისტიკა.
მისასალმებელია ისიც, რომ ხელისუფლების კარები ღიაა ბიზნესისთვის, რაც მთავრობის მხრიდან ბიზნესმენთა ინიციატივების მხარდაჭერასა და ხელსაყრელ საკანონმდებლო გარემოზე ერთად მუშაობაში ვლინდება, ბიზნესის განვითარებისა და ექსპორტის წამახალისებელი პროგრამების განხორციელებაში გამოიხატება. ვერ ვიხსენებ მთავრობის ვერცერთ მეტნაკლებად მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ბიზნესს ეხებოდა და ოფიციალურ მიღებამდე ბიზნესმენებთან არ ყოფილიყო განხილული.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა სიტყვითაც და საქმითაც ყველაფერს აკეთებს ჩვენი ისტორიული ევროპული არჩევანის გასაძლიერებლად. ფაქტია, რომ მათი მმართველობის დროს მოხდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება და ევროკავშირის კანდიდატობის მიღება. დარწმუნებულები ვართ ასევე, რომ უმოკლესი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, ეს ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაა. ეს ასევე არის უმოკლესი გზა ჩვენი ბიზნესის გაძლიერებისკენ, დასაქმების გაზრდისკენ და კეთილდღეობისკენ, რის გარეშეც, უბრალოდ ვერ გავხდებით ევროპის სრულფასოვანი პარტნიორი. ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრობა ნიშნავს: მშვიდობას, სტაბილურობას და რა თქმა უნდა , ღიად და გამჭვირვალედ საქვეყნო საქმეების ერთად კეთებას“, – აცხადებს ბიზნესმენი.