„დღეს აქ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი შეიკრიბება, რათა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ერთად – ხელისუფლება და ხალხი – იმ ხელისუფლების გარშემო, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ მომავალს უკავშირდება“, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რომელიც რუსთაველზე, პარლამენტთან იმყოფება, მადლობა გადაუხადა სახალხო შეკრებაზე მისულ მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ განცხადებები, თითქოს დღევანდელი შეკრება ევროკავშირის საწინააღმდეგო აქციაა, უსაფუძვლო გზავნილია.
„ქართული ოცნება“ საზოგადოებასთან ერთად, რა თქმა უნდა არის ამ ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ ხალხის მხარდაჭერით ნამდვილად გახდა უფრო ევროპული, უფრო თავისუფალი და უფრო თანამედროვე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ევროპაში ვერავინ შევა დესტრუქციით, საკუთარი ისტორიისა და ღირებულებების დავიწყებით და დეზინფორმაციით.
„შესაბამისად, ეს ღონისძიება სწორედ ეს გზავნილია, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი იქ დგას, სადაც დგას საქართველოს ეროვნული ინტერესები, ჩვენი ღირებულებები და საქართველოს ევროპული მომავალი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.