შალვა გვარამაძე: კანონპროექტი აბსოლუტურად უვნებელია. არაფერს ის არ კრძალავს. დარწმუნებული ვარ, არც ოპოზიციის ლიდერებს, არც მათ მომხრეებს არ წაუკითხავს ეს კანონი და ტყუილად არქმევენ მას რუსულს
„კანონპროექტი აბსოლუტურად უვნებელია. არაფერს ის არ კრძალავს. დარწმუნებული ვარ, არც ოპოზიციის ლიდერებს, არც მათ მომხრეებს არ წაუკითხავს ეს კანონი და ტყუილად არქმევენ მას რუსულს”, – ამის შესახებ კომპანია „შალვინოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა შალვა გვარამაძემ „დღის ქრონიკაში“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან ჩართვისას განაცხადა.
„მინდა განვაცხადო ჩემი აქ [შეკრებაზე] მოსვლის მიზეზი, მე აქ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად არ მოვსულვარ, რადგან „ქართულ ოცნებას“ მხარი დავუჭირე წინა არჩევნებზე და ასევე ვაპირებ შემდეგ არჩევნებზეც დავუჭირო მხარი. პოლიტიკურ ძალას მოქალაქემ მხარი არჩევნებზე უნდა დაუჭიროს და არა ახლა. აქ იმიტომ მოვედი, რომ როგორც ერთმა ასანთის ღერმა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, რომ ის ადამიანები, რომლებიც აქამდე დადიოდნენ რუსთაველის გამზირზე, არ წარმოადგენენ ჩემი და აქ მყოფი ადამიანების მოსაზრებას. ეს არ არის ბრძოლა კონკრეტული კანონპროექტისთვის. კანონპროექტი აბსოლუტურად უვნებელია. არაფერს ის არ კრძალავს და არაფერი შეიცვლება ხვალ და ზეგ და მითუმეტეს არჩევნებამდე. ოპოზიცია ყველა მიზეზს ეძებს, რათა ქვეყანაში შექმნას დესტაბილიზაცია, რომ თავის დამფინანსებლები და თანამოაზრეები ევროპასა და ამერიკაში დაარწმუნოს, რომ ხალხს აღარ უნდა ეს მთავრობა და ძალით ჩამოაგდონ. დარწმუნებული ვარ, არც ოპოზიციის ლიდერებს, არც მათ მომხრეებს არ წაუკითხავს ეს კანონი და ტყუილად არქმევენ მას რუსულს“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.