დავით ქართველიშვილი: თუ ვინმეს სწყურია ქართველი ხალხის და მისი ნების ნახვა – მთელს მსოფლიოს ამის უნიკალური შესაძლებლობა დღეს აქვს
„დღეს მთელი მსოფლიო ნახავს, ვინ წარმოადგენს ქართველ ხალხს და ვის ნებას ემორჩილება ეს ხელისუფლება,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საყოველთაო – სახალხო შეკრებაზე.
მისივე თქმით, დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ქართველი ხალხი საკუთარ ნებას აფიქსირებს.
„თუ ვინმეს სწყურია ქართველი ხალხის და მისი ნების ნახვა, მთელს მსოფლიოს ამის უნიკალური შესაძლებლობა დღეს აქვს,“ – აღნიშნა მან.
„ჩვენი დაუძინებელი მეგობრები მუდმივად აპელირებენ, რაღაც მითიური ქართველი ხალხის ნებაზე – დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანაში შემოიღონ ლგბტ პროპაგანდა, ჩვენი სასამართლო სისტემა დაუქვემდებარონ უცხოელებს, შეზღუდონ ჩვენი სუვერენიტეტი და ა.შ.
დღეს მთელი მსოფლიო ნახავს, ვინ წარმოადგენს ქართველ ხალხს და ვის ნებას ემორჩილება ეს ხელისუფლება. ბოლო ათ დღეში ყველაფერს, წმინდას გადაუარეს. ილიასეული ტრიადიდან სარწმუნოება საერთოდ ამოაგდეს საინტერესო ნარატივით – რუსებსაც იგივე სარწმუნოება აქვთ და მათი სარწმუნოება, ჩვენი სარწმუნოების გვერდით, როგორ დავტოვოთო. ანუ კანონს გამჭვირვალობის შესახებ თავი რომ დავანებოთ სარწმუნოებაც რუსული გვქონია. რაც შეეხება მამულს, რახან აფხაზეთი რუსეთის ხელშია, იფიქრეს ჩვენმა დაუძინებელმა მეგობრებმა და ევრორეზოლუციაში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ისე შეიტანეს და ამ ნაბიჯით აფხაზეთი ლანგრით მიართვეს კრემლსა და პუტინს. ქართული ენა სიყვარულის, სახარების და გიორგი მთაწმინდელის ენაა. იქით კი არის დეზინფორმაციის და ცილისწამების ენა. თუ ვინმეს სწყურია ქართველი ხალხის და მისი ნების ნახვა, მთელს მსოფლიოს ამის უნიკალური შესაძლებლობა დღეს აქვს“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.