თეა წულუკიანი: სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა
„სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა. თუ რას ნიშნავს ღამურა, ამის გასაგებად მას მოუწვეს, ქართულ ლიტერატურას, ჩვენი ქართული კულტურის მამების ნააზრევებს უფრო კარგად გაეცნოს”, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რუსთაველის გამზირიდან, საყოველთაო სახალხო შეკრებიდან ჩართვისას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ფრანგი პრეზიდენტია.
„მე თავად საშუალო სკოლაც კი საფრანგეთში დავამთავრე და მგონია, რომ ეს ჩემი მეორე ქვეყანაა, თუმცა, ჩემი სამშობლო საქართველოა და მეგონა, რომ მისთვისაც ასე იყო. მაგრამ მე ვხედავ, რომ მან როგორც მისი თანამებრძოლები – ჩვენ გაგვყიდა, მან გაყიდა ქართველი ერი. ამიტომ ის თუ ორბელიანების სასახლიდან გაბედავს და იმედი მაქვს, გაბედავს და ცხვირს გამოყოფს, ამ გამზირზე ის ვერ გამოივლის, იმიტომ, რომ მან შეგვარცხვინა. ძალიან ბევრი მავნებლური ნაბიჯი გადადგა ქართველი ერის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე და რეალურად დღეს შეგვიძლია, ხმამაღლა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა. თუ რას ნიშნავს ღამურა, ამის გასაგებად მას მოუწვეს, ქართული ლიტერატურა, ჩვენი ქართული კულტურის მამების ნააზრევებს უფრო კარგად გაეცნოს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დღევანდელი საყოველთაო სახალხო შეკრების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ „დღეს „პუტინის სტილში“ აქციაა: საჯარო მოხელეები „ჩამოვიდნენ“ თბილისში, რათა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს ტაში დაუკრან.“