საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე სახალხო შეკრებაზე თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა იმ სტანდარტებისთვის, რომელიც მისი ხელშეწყობით 2012 წლიდან დაინერგა ქართულ პოლიტიკაში და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით იცავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს მართავს გუნდი, რომელსაც გააზრებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა.
„ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ – საქართველო არასდროს იქნება არავის ვასალი. ჩვენ ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებით. ყველას დავუმტკიცებთ, აბსოლუტურად ყველას, რომ საქართველო იმსახურებს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, რომლის გარეშეც ყველა სახელმწიფოებრივი ამოცანა ყოველგვარ ფასს კარგავს.
დღეს საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული გუნდი, რომელსაც ზუსტად აქვს გააზრებული თავისი პასუხისმგებლობა საკუთარი სამშობლოს და ხალხის წინაშე; რომელიც მოქმედებს არა გარედან ვინმეს კარნახით, არამედ იმის მიხედვით, თუ რა ჭირდება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას, რა ჭირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის მომავალს.
ამ გუნდის დამფუძნებელს და ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ 2012 წლიდან მან საქართველოს ეროვნული ინტერესები ხელისუფლების საქმიანობის მთავარ სახელმძღვანელო პრინციპად აქცია. სწორედ ამან მისცა საქართველოს შესაძლებლობა იმისა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა და შემოტევებისა, შეგვენარჩუნებინა პრინციპული პოზიცია და დაგვეცვა მშვიდობა. შევინარჩუნეთ სიმშვიდე ქვეყანაში.
დღეს უსამშობლო რადიკალებს და მათ უცხოელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული. ამ თავდასხმას ერთადერთი მიზეზი აქვს – საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ. მის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი, ინტელიგენციის გვერდში დგომა და გადარჩენა ემსახურებოდა და ემსახურება ერთადერთ მიზანს – საქართველოს ეროვნული იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებას.
ასეთივე ეროვნული ამოცანით შემოვიდა ის 2011 წელს პოლიტიკაში, როდესაც საკუთარი სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დააყენა და ხშირად უთქვამს, როდესაც სახლიდან გამოვდიოდი, მეუღლეს ვემშვიდობებოდი, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, ცოცხალი დავბრუნდებოდი თუ არაო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ის დადგა იქ, სადაც ჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და აგენტოკრატია ეროვნული ხელისუფლებით შეცვალა. სწორედ ამიტომ ესხმიან მას თავს ასეთი გააფთრებით, დაუწესეს ფაქტობრივი სანქცია, რამდენჯერმე დაემუქრნენ ფორმალური სანქციებით, თუმცა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ვერცერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს. მინდა იყოთ დარწმუნებულები, რომ ასე იქნება მომავალშიც.
ჩემო მეგობრებო, ალბათ გახსოვთ, ამის საპირწონედ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იგივე ადამიანებს სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიმართ, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ უამრავი უმძიმესი დანაშაული ჩაადენინეს. სააკაშვილი მოწონდათ, რადგან ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ყავდათ მომართული და რასაც ეტყოდნენ, ყველაფერს აკეთებინებდნენ. ბიძინა ივანიშვილი კი სწორედ იმიტომ არ მოსწონთ, რომ დღეს ის არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მთავარი გარანტი საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.