“მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს ამაყ ქვეყანას, მივესალმები საქართველოს, ღირსეულს, პატრიოტი ხალხით, სიამაყით სავსე საქართველოს! მოგესალმებით ქართველებო, მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, დედებო, მამებო, ბებიებო და ბაბუებო, დებო, ძმებო, შვილებო, ბიჭებო და გოგოებო. ჩვენ, ყველანი ერთად, შევქმნით ღირსეულ მომავალს ისეთს, როგორსაც ამაყი, ქართველი ერი იმსახურებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, შეკრების მიზანია, რომ არამხოლოდ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, არამედ მთელ მსოფლიოს აჩვენონ, რომ არ არსებობს მსოფლიოში იმაზე ამაყი და ღირსეული ერი, როგორიც მრავალეთნიკური ქართველი ერია.
“პირველი, რაზეც მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა, რატომ შევიკრიბეთ დღეს აქ – იმიტომ, რომ ვუთხრათ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ არ არსებობს მსოფლიოში იმაზე ამაყი, თავდაჯერებული, ღირსეული ერი, როგორიც არის ქართველი ერი.
ქართველები, რომლებიც ვერასდროს წარმოვიდგენთ ჩვენს თავს, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეების გარეშე, რომლებიც ორიენტირებული ვიქნებით ყოველთვის, რომ რაც შეიძლება მალე, ჩვენ ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში – ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, სრულად დამოუკიდებელ საქართველოში.
მე მინდა მივესალმო ჩვენს ქართველებთან ერთად, ყველა ჩვენს ეთნიკურ ჯგუფს, ყველას, აფხაზებს და ოსებს კიდევ ერთხელ, ჩვენს აზერბაიჯანელებს, სომხებს და ყველას, ვინც კი ამ ქვეყნის მოქალაქეა და ქართველია, იმიტომ, რომ არსებობენ ქართველი სომხები, ქართველი აზერბაიჯანელები – ჩვენ ყველანი ერთად ქართველებად ვიწოდებით.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.