ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი დღე არის 31 მარტის ანალოგიური საყოველთაო – სახალხო რეფერენდუმი, როდესაც ქართველმა ხალხმა უპირობოდ აირჩია დამოუკიდებელი საქართველო
„უნდოდა გლობალური ომის კონგლომერატს ქართველი ხალხის ნება დაენახა? დაინახავს. უნდოდათ გლობალური ომის პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს დაენახათ, თუ რას წარმოადგენს რეალური ხალხის ძალა?“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ რუსთაველზე გამართულ საყოველთაო – სახალხო შეკრებაზე განაცხადა.
ქადაგიძის თქმით, ვერანაირი პროპაგანდა ვერ მოერევა ხალხის ნებას იმიტომ, რომ ძალა ხალხშია.
„გილოცავთ ყველას – დღევანდელი დღე შედგა. ეს არის საყოველთაო – სახალხო რეფერენდუმი, 31 მარტის ანალოგიური, როდესაც ქართველმა ხალხმა უპირობოდ აირჩია დამოუკიდებელი საქართველო. ამდენი წლის შემდეგ, სხვადასხვა ცუდი ფაქტიდან გამომდინარე, სრულიად საქართველოს კვლავ ერთად შეკრება მოგვიწია და იმის დაფიქსირება, რომ დიახ, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ჭეშმარიტად სუვერენულ, დამოუკიდებელ საქართველოს ირჩევს. ვერცერთი გარე ინსინუაცია თუ თავსმოხვეული პროპაგანდა ვერ მოერევა ხალხის ნებას, იმიტომ, რომ ძალა ხალხშია. უნდოდა გლობალური ომის კონგლომერატს ქართველი ხალხის ნება დაენახა? დაინახავს. უნდოდათ გლობალური ომის პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს დაენახათ, თუ რას წარმოადგენს რეალური ხალხის ძალა? აი, ეს არის ხალხის ძალა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ახალი კულტურული, პოლიტიკური ცვლილება, რასაც უკვე შეიძლება დღევანდელობა დავარქვათ, [იმის საფუძველია, რომ] ხვალიდან ახალი ხედვით, ახალი მიდგომით დავიწყოთ მსოფლიოსთან საუბარი. საქართველო არის ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და ვალდებულება აიღეთ ყველამ – მეგობარმაც და არამეგობარმაც, რომ პირისპირ ისე გვესაუბროთ, როგორც ეს სუვერენულ სახელმწიფოს შეშვენის. ეს არის დღევანდელი დღის მთავარი სათქმელი,“ – განაცხადა ქადაგიძემ.