ირაკლი კობახიძე: მეამაყება, რომ ვარ ქართველი, ჩვენი მრავალეროვანი, ღირსეული და ამაყი ქვეყნის შვილი, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ღირსებით ევროპისკენ
„მეამაყება, რომ ვარ ქართველი. მეამაყება, რომ ვარ ჩვენი მრავალეროვანი, ღირსეული და ამაყი ქვეყნის შვილი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ღირსებით ევროპისკენ.
„ოქტომბერში გველოდება უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმიც „ენჯეოებისა“ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შესახებ კანონებთან დაკავშირებით. დღეს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების 60 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ რადიკალურ ოპოზიციას კიდევ ერთხელ დიდი უპირატესობით დაამარცხებს და ზედიზედ მეცხრე საარჩევნო გამარჯვებას იზეიმებს. ჩვენი გამარჯვება არის საქართველოს შემდგომი წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
მეამაყება, რომ ვარ ქართველი. მეამაყება, რომ ვარ ჩვენი მრავალეროვანი, ღირსეული და ამაყი ქვეყნის შვილი. საქართველო აუცილებლად ივლის წინ, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ღირსებით ევროპისკენ. და რაც მთავარია, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ჩვენი უმთავრესი ოცნების ახდენისკენ – საქართველოს გაერთიანებისა და გამთლიანებისკენ.
წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის მფარველი! უღრმესი მადლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.