ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, კარგად გვესმის რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის
„დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის ფასი და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, ჩვენ კარგად გვესმის თუ რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში არაერთი პროვოკაციის და დესტაბილიზაციის მიუხედავად, შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა.
მისივე თქმით, ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანა სწორედ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
„ბოლო წლებში ამ ურთულეს დროში არაერთი პროვოკაციის, დესტაბილიზაციის და რევოლუციების მცდელობის მიუხედავად ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა. პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ერმა არაერთი რთული პერიოდი გამოვიარეთ. გავიარეთ თავისუფლებისთვის ბრძოლის, სამოქალაქო ომების, ოკუპაციის, ეკონომიკური კოლაფსის, ავტოკრატიული მჩაგვრელი რეჟიმის ურთულესი პერიოდები. დღეს, მსოფლიოში დრამატული მოვლენები ვითარდება, მიმდინარეობს ომები ახლო რეგიონში, თავად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამიტომ ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანა სწორედ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.