ირაკლი ღარიბაშვილი: უნიკალური ქართული გამოცდილების არსია, რომ პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ და ყველას შევახსენოთ, რომ ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერების უნიკალურობისა და თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწორედ დიდი ილია ჭავჭავაძის შეგონების ერთგულნი ვართ და მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“, – განაცხადა პარლამენტთან გამოსვლისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების და გლობალური საფრთხეების ეპოქაში ვიმყოფებით, მსოფლიო წესრიგი იცვლება და ხვალინდელი სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო გუშინ და ამ ვითარებაში უნიკალური ქართული გამოცდილების არსი სწორედ ის არის, რომ ჯერ, პირველ რიგში, ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ და ყველას შევახსენოთ, რომ ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერების უნიკალურობისა და თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს.
„ჩვენ ვიცით, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალების, მტრული აქტორების მეშვეობით ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ცილობენ, თავს მოგვახვიონ ფსევდოლიბერალური ღირებულებები, ისინი ებრძვიან ჩვენს ტრადიციულ, ქართულ, ოჯახურ ღირებულებებს, ქართველი ხალხის მჩაგვრელი კრიმინალების დაბრუნებას ცდილობენ ხელისუფლებაში. მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანებს არ ესმით მთავარი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს მთავარ ქრისტიანულ ღირებულებებს. მთავარ ფასეულობებს ეფუძნება ჩვენი ქვეყნის ისტორია და ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას და აერთიანებდა ჩვენს ძლიერ ერს. სწორედ ამის დამსახურებაა ძვირფასო მეგობრებო, რომ უძველესი, პატარა ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმპერიებისა და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მყოფი გადაურჩა აი ამ რთულ გამოწვევებს. იმ ქარტეხილებს, რომლებსაც არაერთი დიდი თუ ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.